12:01 | 17 სექტემბერი, 2026 — საფრანგეთი
ლე პენი: საფრანგეთს აღარ შეუძლია უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელება
ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყანას აღარ შეუძლია უკრაინას დაეხმაროს.
ვითარების არსი: Le Figaro-ს ცნობით, ლე პენმა აღნიშნა, რომ მისი პოზიცია "არ არის უკრაინის მიმართ მტრული აქტი."
- "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მათი ჯარისკაცების, მათი შეიარაღებული ძალების წვრთნა, შეგვიძლია გავაგრძელოთ მათთვის აღჭურვილობის მიწოდება, რათა თავის დაცვა შეძლონ. მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ ეს აღარ შეგვიძლია. ჩვენ ეს აღარ შეგვიძლია," - განაცხადა მან.
სტრიქონებს შორის: ოპონენტები ლე პენს ხშირად აკრიტიკებენ, რომ იგი კრემლში მიიღეს 2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ასევე რუსეთის მიმართ მისი პოზიციის გამო.
- ლე პენი გამოდის წინადადებით, ჩატარდეს "დიდი კონფერენცია მშვიდობის საკითხებზე", რათა მოხერხდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის "დიპლომატიური მოგვარება."
- მანამდე "ეროვნული გაერთიანების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა, რომ საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა შეიცვალოს ურთიერთობით, რომელიც საფრანგეთისთვის მეტ სარგებელს მოიტანს.
- "ჩვენ ვიძირებით ვალებში, ვიძირებით დეფიციტში და უპასუხისმგებლობაა ხარჯვითი ვალდებულებების აღება და ქვეყნისთვის ფინანსური მხარდაჭერის დაპირება, ყოველგვარი გარანტიების გარეშე," - ხაზი გაუსვა მან. "ყველაფერი გადასასინჯია."
დიდი სურათი: 4 სექტემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები - მარინ ლე პენი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ეროვნული გაერთიანების" დაპირების გამო, რომ უკრაინის დახმარება შეწყდება.
- დაპირისპირების მიზეზი "ეროვნული გაერთიანების" ვიცე-პრეზიდენტის, ლუი ალიოს კომენტარი გახდა, რომელმაც BFMTV-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ მათი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში "გადაკეტავდნენ ონკანს" - უკრაინის დახმარებას.
- "ონკანის გადაკეტვა რუსეთის სამსახურში ჩადგომის ტოლფასია. უკრაინის დასუსტება, რისკენაც მიისწრაფვის მარინ ლე პენი საფრთხეს უქმნის ევროპის და საფრანგეთის უსაფრთხოებას. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუშალო." - აღნიშნა ედუარ ფილიპმა.
- ფილიპს მალევე და მკვეთრად გამოეხმაურა ლე პენი და განაცხადა, რომ საერთაშორისო არენაზე მისი მიღწევების ჩამონათვალი ისეთივე მწირია როგორც პრემიერის პოსტზე: "ომის დაწყების მომენტიდან მოვოწუდებდი საფრანგეთს მოეწვია დიდი სამშვიდობო კონფერენცია და ხელი შეეწყო ამ საშინელი ომის დასრულებისთვის, რომელმაც უკვე იმსხვერპლა 2 მილიონი ადამიანი."
- ფილიპმა ლე პენს მოსკოვთან ახლო კავშირები შეახსენა და ის "სისუსტესა და კრემლის პოზიციაზე დანაშაულებრივ მორგებაში" ამხილა - "არის დიქტატორი-აგრესორი და არის დემოკრატია, რომელსაც თავს დაესხნენ, მათი გათანაბრება არა დიპლომატია, არამედ დანაშაულებრივი სისუსტეა."
კონტექსტი: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად 2027 წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ჩატარდება. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი პირველ ადგილზეა.