ახალი ამბები

13:49 | 24 ივნისი, 2026 — საქართველო

მედია: კრემლში განაცხადეს, რომ დადგა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო

როგორც "კომერსანტი" წერს, გამოცემას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთის სტატუსისა და შემდგომი განვითარების სტრატეგიული საკითხის გადაწყვეტის დრო დადგა".

ვითარების არსი: "საჭიროა მაქსიმალურად სწრაფად გამოვიდეთ ანკლავური მდგომარეობიდან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებში. ამისათვის შეიცვალა კონსტიტუცია და გადაიხედა ბინადრობის ცენზი უმაღლესი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის". - ციტირებს "კომერსანტი" კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სიტყვებს.

წინარე ისტორია: ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც რუს ჩინოსნებს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს.

  • საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა.
  • სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის შესწორება მას შემდეგ მოხდა, რაც 9 მაისს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის შეთანხმება გაფორმდა.

  • დოკუმენტმა მოიცვა სფეროების ფართო სპექტრი და, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ინტეგრაციას ყველა დონეზე.

  • როგორც გამოცემა წერს, მთავარი პუნქტი გახდა საჯარო სამსახურში მუშაობისთვის დაწესებული 10-წლიანი ბინადრობის ცენზის გაუქმება - მის ნაცვლად ამოქმედდება ნებართვა, რომლის მიხედვითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები.

სიღრმისეულად: შეცვლილი კონსტიტუციის ზემოთხსენებულმა პუნქტმა მისცა გაგლოევს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის საშუალება.

  • სააგენტო "რესის" მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაგლოევმა ვლადიმერ პუტინს ოსეთის "ისტორიული ლიდერი" უწოდა და რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის ღია მზადყოფნა გამოთქვა.
  • "დღეს ჩვენი ამოცანაა გავაკეთოთ ისე, რომ ახდეს ჩვენი სანუკვარი ოცნება - დავძლიოთ გაყოფილი ხალხის ხვედრი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან". - განაცხადა გაგლოევმა.
  • ამავე ცვლილებით, 16 ივნისს, ჩრდილოეთ ოსეთის მაღალჩინოსანი მარატ კამბოლოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო 23 ივნისს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა.
  • 2027 წელს დაგეგმილ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე კამბოლოვის კანდიდატურა განიხილება.


price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე