დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:29 | 09 ნოემბერი, 2026 — უნგრეთი

ორბანის ძმა საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის დააკავეს

უნგრეთის ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა, არონ ორბანი, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის საქმეზე დააკავეს. ამის შესახებ HVG წერს.

ვითარების არსი: უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ეროვნული საგამოძიებო ბიუროს (NNI) და აქტივების დაბრუნებისა და დაცვის ეროვნული სამმართველოს (NVVH) გამომძიებლები ორშაბათს ერთობლივ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

  • უნგრეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ბუდაპეშტსა და პეშტის ოლქის ორ დასახლებულ პუნქტში რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
  • ამჟამად ტარდება იმ პირთა სავალდებულო ჩხრეკა, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს.
  • პოლიციამ დაამატა, რომ საქმის შესახებ დამატებით ინფორმაცია ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

სტრიქონებს შორის: იმავდროულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა მედიაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადამიანთა უკანონო გადაყვანის ბრალდებით ექსპრემიერის ძმა, არონ ორბანი დააკავეს.

  • თავის მხრივ, გამოცემა Telex წერს, რომ ორშაბათს დილით NVVH-ის თანამშრომლები ფოტლიგეტში მდებარე იმ სახლში მივიდნენ, რომელიც არონ ორბანის კომპანიასთან არის დაკავშირებული.
  • არონ ორბანის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყაროებმა Telex-ს დაუდასტურეს ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის ფაქტი, თუმცა მათთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ყოფილი პრემიერის უმცროსი ძმა.

ჩაშლილად: Telex-ისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ საქმეზე ჩვენება მისცა ბუდაპეშტში მცხოვრებმა ვიეტნამელმა მთარგმნელმა, რომელიც კარგად ერკვევა ამ საკითხებში.

  • ეს ვიეტნამელი კონტაქტს ინარჩუნებდა საქმის ფიგურანტებთან, კერძოდ, გ.ბ.-სთან და იანოშ მ.-სთან, ასევე ორჯერ შეხვდა არონ ორბანს.
  • არსებობს ეჭვი, რომ წამყვან პოლიტიკურ ფიგურებთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ჯგუფმა პირობა დადო, რომ ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, პირები, რომლებიც მათი შუამავლობით დასაქმების მიზნით ბინადრობის ნებართვას აფორმებდნენ, აუცილებლად მიიღებდნენ საჭირო ვიზებს.

დიდი სურათი: ორი წლის წინ გამოცემა Telex-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ადამიანები, ვინც უნგრეთში უცხოელი მუშახელის დასაქმებას ცდილობდნენ, მთავრობაში არონ ორბანის კავშირებს იყენებდნენ.

  • საჭირო ნებართვების მოპოვებას ართულებდა ის ფაქტი, რომ - მთავრობის პროპაგანდის მხარდასაჭერად - კვოტები ზღუდავდა უცხოელთა რაოდენობას, ხოლო ორბანის მთავრობა მკაცრად განსაზღვრავდა იმ დასაქმების სააგენტოებს, რომლებსაც ამ საქმის კეთება შეეძლოთ.
  • მედიასაშუალებების ცნობით, არონ ორბანი და მისი კომპანია Multi Shoot ვიზების გაფორმებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
  • ივნისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა გამოაცხადა ოპერაცია "გამწმენდი ცეცხლის" დაწყება, რომელიც მიმართულია ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების ყველა შტოში არსებული კორუფციის წინააღმდეგ. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე