ვლადიმერ პუტინმა პირველად აღიარა, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე უკრაინის დარტყმების შემდეგ, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის პრობლემაა.
ვითარების არსი: პუტინის განცხადებას შიდა ბაზრის საწვავით უზრუნველყოფის თათბირზე კრემლის ვებგვერდი აქვეყნებს.
- "პრობლემები როგორც ავტომობილისტებისთვის, ისე ბიზნესისთვის ნარჩუნდება: სამწუხაროდ, ბენზინ-გასამართ სადგურებზე რიგებიც არის და სასურველი მარკის ბენზინის პოვნაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
- ამასთანავე მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში "ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით შემოღებულია სრული აკრძალვა ბენზინისა და საავიაციო ნავთის ექსპორტზე."
- "განიხილება დიზელის საწვავის ექსპორტზეც სრული აკრძალვის დაწესების აუცილებლობა," - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, ამჟამად რუსეთში "უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეები მაქსიმუმზეა გამოყენებული" და "ჩართულია საშუალო და მცირე საწარმოების პოტენციალიც."
სტრიქონებს შორის: ივნისში, რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში ბენზინის დეფიციტი შეიქმნა, რაც რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების რეგულარულმა თავდასხმებმა გამოიწვია.
- Reuters-ის შეფასებით, უკრაინული დრონების დარტყმების გამო რუსეთმა ბენზინის წარმოების დაახლოებით 25% დაკარგა, ხოლო ქვეყანაში ნავთობგადამუშავების საერთო მოცულობა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
დიდი სურათი: საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთის მთავრობა განიხილავდა დიზელის ექსპორტის სრულად აკრძალვისა და საწვავის იმპორტის სუბსიდირების შესაძლებლობას.
- ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ნახევარკუნძულზე ბენზინის გაყიდვაზე ახალი შეზღუდვა წესდება, რომლის მიხედვითაც, მისი ყიდვა საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა სხვას არავის შეეძლება.
- 23 ივნისს, ბენზინისა და დიზელის დეფიციტით გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთის სულ მცირე 15 რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს.