16:43 | 08 ივლისი, 2026 — აშშ
რაკეტები და 140 მილიარდი უკრაინისთვის: ანკარაში ნატოს სამიტის შედეგები
2026 წლის 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს სამიტი ჩატარდა. ეს არის ნატოს 36-ე სამიტი და მეორე, რომელსაც თურქეთი მასპინძლობს 2004 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ.
ნატოს ლიდერებმა უკვე გამოაქვეყნეს 6-პუნქტიანი კომიუნიკე, რომელშიც დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პაქტისადმი, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე არის თავდასხმა ყველაზე. დოკუმენტში ასევე გაცხადებულია "ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში."
მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი შესყიდვების შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატოს მოკავშირეებმა თავდაცვის სფეროში ინვესტიციები 2025 წელს 139 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს, და დაადასტურეს თავიანთი სუვერენული მზაობა, შეინარჩუნონ სამხედრო ხარჯების მინიმუმ ეკვივალენტური დონე 2027 წლამდე.
ალიანსის ლიდერებმა მოუწოდეს ირანს, პატივი სცეს ნაოსნობის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში და განაცხადეს, რომ თეირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ უკრაინას თავისი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ერთიანნი არიან უკრაინისადმი ურყევ მხარდაჭერაში, რათა მან დაიცვას საკუთარი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დარჩენას აპირებს. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის, მოკავშირე ქვეყნებისთვის შეიარაღების მიყიდვა გააგრძელოს.
გარდა ამისა, სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს უკრაინის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელების თვალსაზრისით.
ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა
8 ივლისს, ანკარის სამიტის მეორე დღეს ერთმანეთს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდნენ. ნატოს სამიტზე ჩასვლისას ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების დეფიციტის აღმოფხვრა იყო. ბოლო თვეებში, სწორედ ამ რაკეტების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს უკრაინა რუსული ბალისტიკური რაკეტების დიდი ნაწილის ჩამოგდებას.
ზელენსკისთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მისცემს Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიას, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან.
"ამგვარად, ვეღარ იწუწუნებთ, რომ საკმარისად არ გაძლევთ," - უთხრა ტრამპმა ზელენსკის ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დასაწყისში.
"მოდი ასე ვთქვათ: თვითონ დაამზადეთ," - თქვა ტრამპმა. "კომპანიისთვის ამის შესახებ ჯერ არ გვითქვამს, მაგრამ ყველაფერი კარგად გვარდება." ამჟამად ამ თანამედროვე ანტიბალისტიკურ საჰაერო თავდაცვის რაკეტას ამერიკული კომპანია Raytheon აწარმოებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, 8 ივლისი, 2026
უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უყვარს "ანალოგიის გამოყენება, რომელიც მარტივად ჟღერს, მაგრამ გარკვეულწილად მართალია: პარკში ორი ბავშვია, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ და ჩხუბს იწყებენ; ხანდახან მათ ჩხუბის საშუალება უნდა მისცე და დაანახო, რომ ეს რთულია."
ტრამპმა, რომელიც წარსულში მკაცრად აკრიტიკებდა ზელენსკის, თქვა, რომ მათ შორის "ძალიან კარგი" ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ზელენსკიმ გაიღიმა და არაერთხელ გადაუხადა მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის: "დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველაფერს გააკეთებთ ამ ომის დასამთავრებლად."
"უკრაინა ექსტრაორდინალური შესაძლებლობების წყაროა"
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 ივლისს ანკარაში, თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე გამოვიდა და ისაუბრა, თუ რა წარმატებებს მიაღწია უკრაინამ ომის განმავლობაში - პირველ რიგში, უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში.
ზელენსკის თქმით, უკრაინული საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის დრონი-გამანადგურებლები, "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების 90%-ზე მეტს აგდებენ.
"თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ასეთი თავდაცვის შესაძლებლობების მქონე ქვეყანა ალიანსის მიღმა უნდა იყოს?" - დაუსვა ზელენსკიმ რიტორიკული კითხვა აუდიტორიას, რომელშიც ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ისხდნენ.
"უკრაინა ნატოში - ეს არის ექსტრაორდინალური თავდაცვის შესაძლებლობების წყარო," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა "შორ მანძილზე მოქმედი სანქციების" თემაზე - რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სხვადასხვა სამიზნეებზე უკრაინული დრონების დარტყმებზე. რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაბომბეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ციმბირში, ქალაქ ომსკში, უკრაინიდან 2.5 ათასი კილომეტრის დაშორებით.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა იყო არა გამონაკლისი, არამედ რეალობა, უკრაინული დრონების განვითარების შედეგი, და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში არ დარჩენილა არცერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არ დაბომბა.
ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ანკარაში, 7 ივლისი, 2026
70 მილიარდი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის
ანკარის სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ 2026 წლისთვის მოკავშირეები იღებენ ვალდებულებას, უკრაინას გამოუყონ 70 მილიარდი ევრო სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნების სახით, და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ მზაობას, შეინარჩუნონ მინიმუმ ეკვივალენტური დონე 2027 წელსაც.
"ნატოს შეკავება და თავდაცვა ეფუძნება ბირთვული, კონვენციური და საჰაერო-სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების სათანადო კომბინაციას, რომელსაც ავსებს კოსმოსური და კიბერაქტივები." - ნათქვამია დეკლარაციაში.
"ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს უნარში, განვათავსოთ, უზრუნველვყოთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და მივაღწიოთ ჩვენს მიზნობრივ მაჩვენებლებს ყველა სფეროში, მათ შორის შორი მანძილის მაღალი სიზუსტის დარტყმებში, ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში, უპილოტო სისტემებში, უახლეს ტექნოლოგიებსა და სადაზვერვო შესაძლებლობებში." - ვკითხულობთ კომუნიკეში.
სწორედ ეს არის მთავარი დიპლომატიური გამარჯვება, რომელსაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დღეებში მიაღწია.
ზოგადად, ნატოს დოკუმენტებისთვის უფრო დამახასიათებელია თანხების აშშ დოლარში მითითება. კერძოდ, დოლარში იანგარიშება ალიანსის ყველა წევრის თავდაცვის ხარჯები, რათა ისინი ამერიკულს შეედაროს და ფინანსური ტვირთის სამართლიანი გადანაწილება მოხდეს. თუმცა, ამჯერად ევრო შეირჩა.
როგორც წყაროები ამბობენ, ევროში თანხის დაფიქსირებას უკრაინაც უჭერდა მხარს. დოლარით ანგარიშსწორების შეცვლას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, რაც თითქოს ხაზს უსვამდა, რომ აშშ უკრაინის ამ დახმარებაში მონაწილეობას არ იღებს.
ამასთან, ევროპა ამ დაფინანსებაში სრულად, გამონაკლისის გარეშე მიიღებს მონაწილეობას - რაც ნიშნავს მასში უნგრეთისა და სლოვაკეთის მონაწილეობასაც, და მათი მხრიდან, როგორც ამბობენ, არანაირი შენიშვნა არ დაფიქსირებულა. თუმცა ის ფაქტი, რომ ამ პუნქტზე დისკუსიები ბოლო დღემდე გრძელდებოდა, მოწმობს, რომ ოპონენტები და კითხვები არსებობდა, მაგრამ მათი გადალახვა საბოლოოდ მოხერხდა.
გაურკვევლობა უკრაინის დაფინანსების საკითხზე
ამ ეტაპზე ბუნდოვანია, როგორ გადანაწილდება უკრაინის დაფინანსების ტვირთი ნატოს წევრ ქვეყნებზე. ალიანსის გადაწყვეტილება არ შეიცავს დაფინანსების განაწილების შესახებ დეტალებს, თუმცა უკრაინულ მხარეს აძლევს გარანტიას, რომ მოკავშირეები ამ საკითხს ერთმანეთში გადაწყვეტენ.
ეს თავად ალიანსის, როგორც კოორდინატორის ამოცანაა - მიაღწიოს შეთანხმებას იმაზე, ვინ, რამდენი და როდის უნდა გაიღოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რათა შეასრულოს თავისი დაპირება. და ალიანსში გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა იძლევა იმის იმედს, რომ დაპირება შესრულდება.
ფრიდრიხ მერცი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 8 ივლისი, 2026
ამ საკითხზე კონსენსუსის ძიებაში საკვანძო როლს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეასრულებს - რამდენიმე წყაროს ცნობით, სწორედ ის იყო დაფინანსების კონკრეტული თანხის დაიქსირების იდეის ავტორი.
თავდაპირველად ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე სრულიად განსხვავებულ დაფინანსების სქემას სთავაზობდა წევრ ქვეყნებს. კერძოდ, არსებობდა იდეა, რომ დაფიქსირებულიყო ყველა მოკავშირის ვალდებულება უკრაინისთვის მშპ-ის არანაკლებ 0.25%-ის გამოყოფის შესახებ (ამ იდეას დიდი ხანია ლობირებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც). თუმცა, ამან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ ცალკეულ ქვეყნებს არ სურდათ თავიანთი მონაწილეობის დაფიქსირება, და ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ზოგი მათგანი ბევრად უფრო მეტად ეხმარება უკრაინას, მაგალითად ნორვეგია, რომელიც უკრაინის თავდაცვისთვის საკუთარი მშპ-ის 1%-ზე მეტს ხარჯავს.
საბოლოოდ, ჯამური რიცხვის ჩაწერა გადაწყდა - 70 მილიარდი ევროს ყოველწლიურად გამოყოფა სამხედრო საჭიროებების შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც უკრაინის მთავრობამ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ წარადგინა. როგორც დასავლური მედია წერს, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ეს შეფასება რეალისტურია.
უკრაინა - უსაფრთხოების კონტრიბუტორი
კომუნიკეში აღნიშნულია უკრაინას თავისი წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ის უსაფრთხოების კონტრიბუტორია.
უკრაინელი სამხედროები მეხუთე წელია აკავებენ რუსულ აგრესიას, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის სხვა სახელმწიფოებსაც. უკრაინული გამოცდილება უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსის არმიების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. უკრაინულ ტექნოლოგიებზე, კერძოდ დრონებზე, მოთხოვნაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ამ თვალსაზრისით, უმნიშნველოვანესია დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ უკრაინულ დრონებს შეისყიდის.
"ჩვენ შევისყიდით უკრაინულ დრონებს. ისინი ომის პირობებში შესანიშნავ დრონებს ამზადებენ. მათ აქვთ რაღაც ფარული მიწისქვეშა ადგილები, სადაც მათ აწარმოებენ. ჩვენც ვაკეთებთ ამას, მაგრამ მათ ბევრად მეტი აქვთ." - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რა თქმა უნდა, ანკარის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებაში ამ ჩანაწერის გაჩენა არ ლახავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე არსებულ მთავარ დაბრკოლებას - კონსენსუსის არარსებობას. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია, რომელიც ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება და ამას რუსეთთან ესკალაციის ფორმად მიიჩნევს.