21:55 | 26 აგვისტო, 2026 — რუსეთი
რუსეთი კიევის უფრო ძლიერად დაბომბვას და ომის ესკალაციას გეგმავს - Bloomberg
რუსეთი უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების ინტენსივობის გასაზრდელად ემზადება, რადგან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ვითარების არსი: Bloomberg-ის ცნობით, ამჟამად რუსეთი განიხილავს კიევზე, კერძოდ დედაქალაქის ცენტრზე, და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების გაძლიერების შესაძლებლობას.
- გამოცემის წყაროების თქმით, მოლაპარაკებების ყველა მცდელობა ფაქტობრივად ჩაიშალა და ორივე მხარე საწყის წერტილს დაუბრუნდა.
- მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეწყვეტს ომს სანქციების, ეკონომიკური ზეწოლისა და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინული თავდასხმების გამო.
- "მოსკოვი უკრაინულ დარტყმებს სულ უფრო ხშირად განიხილავს, როგორც ნატოს ქვეყნების თავდასხმებს, ვინაიდან ალიანსის წევრები კიევს იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფენ. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარე ფაზა არ წარმოადგენს სამხედრო ესკალაციის პიკს," - წერს Bloomberg.
სტრიქონებს შორის: კრემლთან დაახლოებული ოთხი პირის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის არარსებობის პირობებში, მოსკოვი საკუთარი სამხედრო მიზნების მისაღწევად კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის მცირე ალტერნატივას ხედავს.
- გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ახალი წინადადებების იმედი აქვს, მოლაპარაკებებში გარღვევის მოლოდინი ძალიან დაბალია.
დიდი სურათი: კრემლთან დაახლოებული პირების თქმით, ამჟამად სულ უფრო მეტი რუსი მაღალჩინოსანი მიდის დასკვნამდე, რომ პუტინმა, უკიდურეს ზომად, შესაძლოა საბოლოოდ მიიღოს უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება.
- "ბოლო დროს მოსკოვში გაძლიერდა იმ 'ქორების' ხმები, რომლებიც ასეთი ნაბიჯის გადადგმას ემხრობიან. ასეთი უკიდურესი რეაქცია შესაძლებლად ითვლება, ვინაიდან პუტინისთვის ერთადერთი შედეგი, რაც ომის გაგრძელებაზე უარესია, მასში დამარცხება იქნება," – წერს Bloomberg, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ "ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება."