21 ოქტომბრის საღამოს და 22 ოქტომბრის ღამეს კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა. ექიმებმა 16 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოახდინეს. ამ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და კიევის საქალაქო პროკურატურა ავრელებს.
ვითარების არსი: რუსებმა უკრაინის დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
- დარტყმებმა ექვს რაიონში ხანძარი და ნგრევა გამოიწვია. თავდაპირველად კლიჩკომ 15 დაშავებულის შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო ორი 15 წლის ბავშვი.
- კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
- "სამწუხაროდ, 1 ადამიანი დაიღუპა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულია 24 ადამიანი, აქედან 16 ჰოსპიტალიზებულია." - აღნიშნა ადმინისტრაციამ.
სტრიქონებს შორის: პროკურატურის მონაცემებით, დაშავებულებს შორის ხუთი არასრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მათ აქვთ მწვავე სტრესული რეაქცია, 16 წლის ბიჭი საავადმყოფოში იმყოფება თავის ქალის დახურული ტრავმით.
- პეჩერსკის რაიონში რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. რუსებმა დააზიანეს შენობები, სასწრაფო დახმარების მანქანები და მონასტერი.
- მაშველებმა 1100 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინეს. დარნიცის რაიონში რუსებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. იქ, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ადამიანები არ დაშავებულან.
დიდი სურათი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ კიევზე რუსული დარტყმის კონტექსტში მინიშნება გააკეთა დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებაზე, რომელმაც წინა დღეს ვლადიმერ პუტინი "ჰუმანისტად" მოიხსენია.
- სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო სასტიკი თავდასხმა ათობით ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით, რომლებმაც დააზიანეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი უბნები.
- "ღამით კიევის მცხოვრებლებმა მოისმინეს, თუ როგორ ჟღერს რეალურად რუსული "ჰუმანიზმი"… დაშოშმინება, მონური მორჩილება და პირფერობა ამ ომს არ შეაჩერებს. მისი შეჩერება მხოლოდ ძალას შეუძლია," - ხაზი გაუსვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.