18:05 | 17 ივნისი, 2026
რუსეთში დააკავეს პუტინის პეტერბურგელი მეგობარი, ილია ტრაბერი
სანქტ-პეტერბურგში დააპატიმრეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და ბიზნესმენი ილია ტრაბერი, მეტსახელად „ანტიკვარი“. ჩხრეკა მიმდინარეობს კიდევ ერთ ცნობილ ავტორიტეტთან, გენადი პეტროვთან.
ინფორმაციას ტრაბერის დაპატიმრების შესახებ ადგილობრივი გამოცემა „ფონტანკა“ ავრცელებს.
გენადი პეტროვის სახლში მიმდინარე ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ძალოვან უწყებებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი ВЧК-ОГПУ ავრცელებს.
ვითარების არსი: რუსული მედიის ცნობით, ტრაბერიც და პეტროვიც 1990-იან წლებში ხვდებოდნენ და თანამშრომლობდნენ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც იმ წლებში სანქტ-პეტერბურგის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ტრაბერი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. ტრაბერთან ერთად დაპატიმრებულია მისი პარტნიორი, ვლადიმირ დანილენკო.
- წყაროების ცნობით, ტრაბერს ბრალი ედება თავისი ყოფილი პარტნიორის, ვიბორგის მუნიციპალური დეპუტატის, ალექსანდრ პეტროვის შეკვეთილ მკვლელობაში, რომელიც 2020 წელს მოხდა.
- საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს. ტრაბერსა და მის პარტნიორს მოსკოვში დაკითხავენ.
- იმავე „ფონტანკას“ ცნობით, ტრაბერის დაპატიმრების ოპერაციისთვის სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა ФСБ-ის დირექტორის მოადგილე, სერგეი კარალიოვი, რომელიც დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის სავარაუდო შემცვლელად მიიჩნევა.
- ჯერჯერობით უცნობია, თუ რას უკავშირდება ჩხრეკა გენადი პეტროვის სახლში.
დიდი სურათი: ილია ტრაბერი ერთადერთი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელთან ნაცნობობასაც ვლადიმირ პუტინი არ უარყოფს. ილია ტრაბერი საბჭოთა წყალქვეშა ნავების ფლოტის ყოფილი ოფიცერია, რომელმაც 1980-იანი წლების მიწურულიდან სანქტ-პეტერბურგში ანტიკვარიატით ვაჭრობის ბიზნესი წამოიწყო.
- ტრაბერის ანტიკვარულ სალონს ხშირად სტუმრობდა სანქტ-პეტერბურგის მაშინდელი მერის, ანატოლი სობჩაკის ცოლი.
- მოგვიანებით ტრაბერმა შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება ვიბორგში და პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა ქალაქს. 1990-იანი წლებიდან ტრაბერი ტამბოვის დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთ არაფორმალურ ლიდერად მიიჩნეოდა.
- ტრაბერის ხელმძღვანელობით ტამბოველებმა ხელში ჩაიგდეს სანქტ-პეტერბურგის საზღვაო პორტი და ტერმინალი. ტრაბერის დაჯგუფება ასევე აკონტროლებდა პულკოვოს აეროპორტის ნავთობის მიწოდების სქემას.
- არაერთი გამოძიების ცნობით, ქალაქში უმსხვილეს და ყველაზე მომგებიან ბიზნესებზე კონტროლის დამყარებაში ტრაბერსა და ტამბოვის დაჯგუფებას ქალაქის იმდროინდელი ვიცე-მერი, ვლადიმირ პუტინი ეხმარებოდა.
- წყაროების ცნობით, პუტინი კანონის გვერდის ავლით ფლობდა წილს ტრაბერის კომპანიაში, რომელიც ნავთობით ამარაგებდა პულკოვოს აეროპორტს.
- ტრაბერის ყოფილი პირადი მცველის, სერგეი კოსირევის ცნობით, ვლადიმირ პუტინი დროგამოშვებით სტუმრობდა ტრაბერს სხვადასხვა საკითხზე რჩევებისთვის. კოსირევი იხსენებს შემთხვევას, როდესაც „უხასიათოდ მყოფმა“ ტრაბერმა პუტინს თავის მისაღებში რამდენიმე საათი ალოდინა.
- 1990-იანი წლების მიწურულს ტრაბერი ევროპაში გადაბარგდა, თუმცა პუტინთან მისი კავშირების შესახებ გავრცელებული ცნობებისა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფონზე, სამშობლოში დაბრუნდა.
- ბოლო წლებში ტრაბერის ბიზნესი ძირითადად ჩრდილოეთის საზღვაო გზის გასწვრივ პორტების მშენებლობას უკავშირდებოდა.
სტრიქონებს შორის: გენადი პეტროვი სანქტ-პეტერბურგის კიდევ ერთი ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების, „მალიშევსკის“ ლიდერი და მსხვილი ბიზნესმენია.
- 1990-იან წლებში პეტროვი აკონტროლებდა წილებს პეტერბურგის სანავთობო კომპანიასა და სანავთობო ტერმინალში.
- ამასთანავე, პეტროვი ბანკ „როსიას“ მეწილეც გახდა, რომლის თანადამფუძნებლები ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრები (სააგარაკე კოოპერატივი „ოზერო“) არიან, მათ შორის, იური კოვალჩუკიც.
- მოგვიანებით პეტროვი პუტინის მეგობრებს სანქტ-პეტერბურგის კამენის კუნძულზე, ცნობილ დასახლებაშიც დაუმეზობლდა.
- 1996 წელს პეტროვი ესპანეთში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივი სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო.
- პეტროვი რუსეთის უმაღლეს თანამდებობის პირებთან სატელეფონო საუბრებში განიხილავდა დანიშვნებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებში, მათ შორის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა და საგამოძიებო კომიტეტში.
- ამავე სატელეფონო საუბრებში პეტროვი ვლადიმირ პუტინს თავის მეგობარს უწოდებს და ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ КГБ-ში მუშაობის წლებიდან იცნობს.
- 2008 წელს პეტროვი დაჯგუფების სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს, თუმცა საქმე სასამართლოში დაიშალა, რის შემდეგაც პეტროვი რუსეთში დაბრუნდა.
- ბოლო წლებში პეტროვის ბიზნესი მსხვილ სახელმწიფო ტენდერებს უკავშირდებოდა, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.