ახალი ამბები

16:24 | 17 ივნისი, 2026 — აშშ

ტრამპი უარყოფს ირანისთვის 300-მილიარდიან ფონდში ინვესტიციის ჩადებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის აღსადგენად განკუთვნილ 300 მილიარდ დოლარიან ფონდში „არცერთ ცენტს“ არ ჩადებს.

ტრამპის ეს მკვეთრი განცხადება მოჰყვა ორპარტიულ კრიტიკასა და მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ისლამური რესპუბლიკის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საფრანგეთში, G7-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა გავრცელებულ ცნობებს „სიცრუე“ უწოდა.

  • მისი თქმით, ვაშინგტონს არც სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის უთხოვია მსგავსი ფონდის შექმნა.
  • თუმცა, მანამდე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ირანის მიერ ბირთვულ დათმობებზე წასვლისა და ომის დასრულების სანაცვლოდ, მხარეებს შორის სანქციების შემსუბუქება და ირანის აღსადგენად „300-მილიარდიანი ფონდის“ შექმნა განიხილებოდა.
  • მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო "როიტერმაც", რომლის მიხედვითაც, აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომელიც ირანში ინვესტიციების სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი და ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია.

სტრიქონებს შორის: ტრამპის განცხადებები კიდევ უფრო აღრმავებს გაურკვევლობას პარასკევს გასაფორმებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

  • სულ რამდენიმე დღის წინ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ ირანს შესაძლოა ჰქონოდა წვდომა მსგავს ფონდზე, რომელსაც ყურის ქვეყნების კოალიცია დააფინანსებდა, თუკი თეირანი ბირთვულ პროგრამას სრულად შეაჩერებდა.
  • თუმცა, თავად ყურის ქვეყნები ირანში ინვესტირებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რადგან მათ საკუთარ თავზე იწვნიეს ირანული სარაკეტო დარტყმები აშშ-ისრაელისა და ირანის 100-დღიანი კონფლიქტის დროს.

კონტექსტი: აშშ და ირანი ცოტა ხნის წინ შეთანხმდნენ დროებით ზავზე, რომელიც 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს 60 დღით ახანგრძლივებს, ხსნის სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეს და საფუძველს უყრის ბირთვულ მოლაპარაკებებს.

  • ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალურად ხელმოწერა შვეიცარიაში, პარასკევს იგეგმება. კულუარული ინფორმაციით, ფონდის ფული არა სახელმწიფოებიდან, არამედ იმ კერძო კომპანიებიდან უნდა წამოსულიყო, რომლებსაც 90-მილიონიან, ენერგორესურსებით მდიდარ ირანში ინვესტირება სურთ.

ასევე ნახე