ახალი ამბები

23:29 | 16 ივნისი, 2026 — აშშ

Reuters: ირანში ინვესტიციებისთვის $300 მილიარდიანი ფონდი შეიქმნება

აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში გაწერილია 300 მილიარდი დოლარის ღირებულების კერძო ფონდის შექმნა, რომელიც ირანში ინვესტიციების სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი და ამ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მობილიზებულია.

ვითარების არსი: ამ ინფორმაციას Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უშუალოდ იცნობს შეთანხმების დეტალებს.

  • წყაროს თქმით, ფონდის მიზანია ორივე მხარეს მისცეს ეკონომიკური სტიმული საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მანამ სანამ ვაშინგტონი და თეირანი პარასკევს ხელმოწერისთვის ემზადებიან.
  • აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა კვირას განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ ომის დასრულების ჩარჩოზე.
  • აშშ მზადაა ირანის საზღვაო ბლოკადა შეწყვიტოს, ხოლო ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, რომელიც გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.  

სტრიქონებს შორის: წყაროს ცნობით, დაფინანსების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადეს აშშ-ში, ყურის არაბულ ქვეყნებში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში ბაზირებულმა კომპანიებმა. დაგეგმილი ინვესტიციები მოიცავს ენერგეტიკის, ლოგისტიკის, წარმოებისა და ტრანსპორტის სექტორებს.

  • ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანი თავდაპირველად აშშ-ისგან ომის ზარალის კომპენსაციის სახით 400 მილიარდ დოლარს ითხოვდა, თუმცა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ამ თანხას არ გამოყოფდა.
  • ამის შემდეგ გაჩნდა ფონდის შექმნის იდეა, რომელსაც "რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდი" ეწოდება. ირანული წყაროს თქმით, მექანიზმი ითვალისწინებს რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა ფორმით მონაწილეობას.
  • ეს მოიცავს სესხების უზრუნველყოფას, საკრედიტო ხაზების გახსნას ან ომის დროს დაზიანებული ობიექტების რეკონსტრუქციის პირდაპირ დაფინანსებას, მათ შორის ისეთი საწარმოების, როგორიცაა მობარაქეს ფოლადის კომპლექსი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, აეროპორტები და კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

დიდი სურათი: ირანს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკაა, ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში თითქმის არანაირი მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არ მიუღია, რადგან აშშ-ისა და საერთაშორისო სანქციების გამო გლობალური კაპიტალის ბაზრებიდან იზოლირებული იყო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე