14 აგვისტოს პსკოვის საქალაქო სასამართლომ პარტია "იაბლოკოს" ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარის მოადგილეს, ლევ შლოსბერგს 11 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს რუსული ჯარის "დისკრედიტაცია" და "ყალბი ინფორმაციის" (ე.წ. ფეიკები) გავრცელება ედება ბრალად.
ვითარების არსი: "დისკრედიტაციის" საქმის აღძვრის საბაბი გახდა სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკიში" ატვირთული დებატების ჩანაწერი.
- ვიდეოში შლოსბერგი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობას იცავს.
- "ფეიკებზე" საქმე კი აღიძრა შლოსბერგის ტელეგრამ-არხზე 2022 წლის 25 თებერვალს "ეხო მოსკვის" იმ პუბლიკაციის რეპოსტის გამო, რომელშიც ბრიტანული გაზეთის, Daily Mirror-ის გარეკანი იყო ასახული. მასზე გამოსახული იყო დასისხლიანებული ქალი და პუტინი, ასევე წარწერა: "მისი სისხლი... მისი ხელები".
- პროკურორი შლოსბერგისთვის 12 წლითა და ერთი თვით კოლონიაში პატიმრობას ითხოვდა.
- სასამართლოში საბოლოო სიტყვით გამოსვლისას შლოსბერგმა განაცხადა, რომ მას ხელისუფლების დაკვეთით უკანონოდ დევნიან და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
- მოსამართლე მუდმივად აწყვეტინებდა სიტყვას პოლიტიკოსს და აცხადებდა, რომ მისთვის "აბსოლუტურად უინტერესოა" ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე მოსმენა.
ფართო ხედით: შლოსბერგის სასამართლო პროცესის პარალელურად, მოსკოვში "იაბლოკო" სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
- 10 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ "იაბლოკო" რუსეთის დუმის არჩევნებიდან მოხსნა.
- პარტია უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში ჩივილს აპირებს.
წინარე ისტორია: ეს უკვე მეორე საქმეა შლოსბერგის წინააღმდეგ. იგი 2025 წლის იანვრიდან ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის ქვეშ იმყოფებოდა "უცხოეთის გავლენის აგენტის“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
- "უცხოეთის აგენტი" ვალდებულია, რომ თავის პუბლიკაციებს დაურთოს მითითება იმის შესახებ, რომ იგი გამოცხადებულია "უცხოეთის აგენტად.
- შლოსბერგი თავის პუბლიკაციებს "უცხოეთის აგენტის" სტატუსს არ ურთავდა.