დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:13 | 12 ნოემბერი, 2026 — საქართველო

სოხუმი და ცხინვალი საქართველოსთან ძალის არგამოყენების შეთანხმებას ითხოვენ - ჟენევის დისკუსიები

10–11 ნოემბერს, ჟენევაში, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მოლაპარაკებებს ევროკავშირი, გაერო და ეუთო თანათავმჯდომარეობდნენ.

ვითარების არსი: სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კვლავ მოითხოვეს საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება.

თბილისის პოზიცია: საქართველოს ხელისუფლებას ძალის არგამოყენების ვალდებულება უკვე გაცხადებული აქვს.

  • თუმცა თბილისი მიიჩნევს, რომ შესაბამისი შეთანხმება რუსეთთან უნდა გაფორმდეს, რადგან კონფლიქტის მხარე სწორედ მოსკოვია და არა ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები.

ცხინვალის მოთხოვნები: სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისმა დელეგაციამ ძალის არგამოყენების შესახებ პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავების გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

  • ცხინვალის განცხადებით, ეს საბოლოოდ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოყენებისა და მისი მუქარის აკრძალვის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებას უნდა ემსახურებოდეს.

  • დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება შედარებით მშვიდია.

  • ცხინვალმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის დაცვისკენაც მოუწოდა.

კიდევ ერთი საკითხი: ცხინვალის დელეგაციამ საქართველო სამი ოსი მოქალაქის, პლიევის, ხაჩიროვისა და ხუგაევის იძულებით გაუჩინარების საქმეების გამოძიების შეფერხებაში დაადანაშაულა.

  • დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, ქართული მხარე ამ საქმეებზე პროგრესს ხელს უშლის.

სოხუმის მოთხოვნები: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისმა დელეგაციამ, ძალის არგამოყენების შეთანხმებასთან ერთად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხიც წამოჭრა.

  • სოხუმის განცხადებით, მექანიზმის სრულფასოვანი მუშაობის განახლებისთვის დამატებითი წინადადებები წარადგინა.

  • დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, ინიციატივები არსებული უთანხმოებების დაძლევასა და მხარეებისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მოძიებას ემსახურება.

სპორტი და საერთაშორისო იზოლაცია: სოხუმის დელეგაციამ საქართველოს აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ხელშეშლაშიც დასდო ბრალი.

  • დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, თბილისი ორგანიზატორებზე ზეწოლას ახდენდა, რათა აფხაზ სპორტსმენებს თურქეთში მხატვრული ტანვარჯიშის ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ მიეღოთ.

  • სოხუმმა ასევე წამოჭრა თურქეთის ადნან მენდერესის უნივერსიტეტის დოცენტის, ელჩინ აძინბას მიმართ სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის საკითხი.

  • აძინბამ ჟენევაში, გაეროს უმცირესობათა საკითხების ფორუმზე, აფხაზეთის მოსახლეობის საერთაშორისო იზოლაციაზე ისაუბრა.

  • აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, დაუშვებელია ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების პოლიტიზება.

შემდეგი შეხვედრა: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 69-ე რაუნდი 2027 წლის მარტშია დაგეგმილი.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე