17:05 | 11 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები
რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა - კომენტარები
10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ 12 ნოემბერს, სტივ უიტკოფთან ერთად, მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდებიან.
კუშნერის თქმით, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ისინი დუბლინში ჩავლენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის აბუ-დაბის მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობენ და სამშვიდობო წინადადებებს განიხილავენ.
ვითარების არსი: რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი და კიევი სამხედრო ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე პრინციპულად შეთანხმდნენ.
- მისი თქმით, შეხვედრების ცენტრალური თემა ევროპის მომავალი უსაფრთხოების სისტემა იყო. ამერიკულ მხარესთან პოზიციების გაცვლისას ზოგიერთ საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, ზოგიერთზე კი - ვერა.
- ამასთან, ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე გარღვევა არ მომხდარა.
- ტერიტორიული დავა კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება, ხოლო კუშნერის შეფასებით, მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს.
- მიუხედავად ამისა, უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების არსებული დინამიკა წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.
ტერიტორიული საკითხი: ტერიტორიული დავა მოლაპარაკებების მეორე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. კუშნერის განცხადებით, სწორედ ტერიტორიებზე შეთანხმება იქნება ყველაზე რთული.
ამერიკელი მომლაპარაკებლის თქმით, უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების შესახებ საბოლოო შეთანხმება ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე არ გაფორმდება.
მედინსკიმ კი განაცხადა, რომ "ჩვენი მიწების ყოველი გოჯი რუსეთს დაუბრუნდება, ასე თუ ისე".
უსაფრთხოების გარანტიები: კუშნერის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში "მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმაც უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხებში "უზარმაზარ პროგრესზე" ისაუბრა, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების პირველ დღეს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხიც ცალკე განიხილეს.
უცნობია, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა ამ საკითხზე რაიმე შეთანხმებას.
ევროპის უსაფრთხოება: მედინსკის თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა მოლაპარაკებების ცენტრალური თემა იყო. მისი განცხადებით, უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ ევროპის უსაფრთხოების არსებული სისტემა არ მუშაობს.
"არსებითად მთელი ორგანიზმია ავად, უკრაინაში კი უბრალოდ ჩირქგროვა გასკდა. ამიტომ მთელი ორგანიზმის მკურნალობაა საჭირო. აქ პლასტირით ვერაფერს გავხდებით", - განაცხადა მედინსკიმ.
მისივე თქმით, რუსულ დელეგაციას აბუ-დაბიში ევროპელ წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ჰქონია და მოსკოვისთვის გაუგებარია, რა სტატუსით იმყოფებოდნენ ისინი მოლაპარაკებების ადგილას.
ჰუმანიტარული ნაწილი: მედინსკის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა "პრინციპულად შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების ახალ, მასშტაბურ გაცვლაზე".
კუშნერის თქმით, გაცვლის ფარგლებში გასათავისუფლებელი ადამიანების საბოლოო რაოდენობა 12 ნოემბერს უნდა შეთანხმდეს.
უკრაინის დელეგაციის წევრის, დავით არახამიას შეფასებით, ეს შესაძლოა ომის განმავლობაში ტყვეთა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლა იყოს - "შესაძლოა, საერთოდ ყველაზე მასშტაბურიც".
გაცვლის ზუსტი მასშტაბი და ჩატარების თარიღი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა.