დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:59 | 11 ნოემბერი, 2026 — გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ამერიკელი სამხედრო პირი დააკავეს

გაერთიანებულ სამეფოში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს, სავარაუდოდ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის ცნობით, 41 წლის სამხედრო პირი 10 ნოემბერს, დასავლეთ ინგლისში, ქალაქ გლოსტერთან ახლოს აიყვანეს.

ვითარების არსი: "დიდ ბრიტანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. დაკავება მოხდა გამოძიების ფარგლებში, რომელსაც ანტიტერორისტული ქვედანაყოფი (Counter Terrorism Policing) აშშ-ის ხელისუფლებასთან, ამერიკულ სამხედრო სტრუქტურებთან და FBI-თან მჭიდრო თანამშრომლობით აწარმოებს". - ნათქვამია ლონდონის პოლიციის განცხადებაში.

  • "დაკავებულს ბრალად ედება 2023 წლის "ეროვნული უსაფრთხოების შესახებ აქტის" პირველი და მესამე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველები გლოსტერშირის საგრაფოში ორ მისამართზე ატარებენ ჩხრეკას. ბრალდებები რუსეთს უკავშირდება". - ვკითხულობთ განცხადებაში.
  • კანონის პირველი მუხლი ეხება "ჯაშუშობას, დივერსიას და უცხო სახელმწიფოების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედ პირებს".
  • BBC-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებული სამხედრო მოსამსახურე იმჯინის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. ეს ბრიტანეთის არმიის ობიექტია, რომელიც გლოსტერშირის საგრაფოში, ინსვორთთან ახლოს მდებარეობს; იქ განთავსებულია ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის შტაბ-ბინა.

ჩაშლილად: როგორც ანტიტერორისტული ქვედანაყოფის უფროსმა კოორდინატორმა, ვიკი ევანსმა განაცხადა, გამოძიება და დაკავება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია.

  • "საქმე ეხება სერიოზულ ბრალდებებს; გამოძიება გრძელდება. ეს ქმედებები ადასტურებს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სამართალდამცავ და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებს შორის პარტნიორული ურთიერთობების სიმტკიცეს". - აღნიშნა მან.
  • პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ დაკავებული ამჟამად ლონდონის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მისი ვინაობა არ სახელდება.
  • დაკავებას გამოეხმაურა FBI-ის დირექტორი კეშ პატელი: "ვინაიდან გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, მსურს მკაფიოდ განვაცხადო: FBI არ მოითმენს მათ, ვინც არღვევს შეერთებული შტატების წინაშე დადებულ ფიცს და ვისი ქმედებებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას - როგორც ჩვენსას, ისე ჩვენი პარტნიორებისას".
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე