დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

19:56 | 10 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 30% დააზარალა - Reuters

ოქტომბრის ბოლოდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით განახლებულმა თავდასხმებმა ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები დაახლოებით 30%-ით შეამცირა.

ამის შესახებ Reuters-ს ინდუსტრიის ორმა წყარომ განუცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის თავდასხმები მოსკოვს საწვავის შიდა დეფიციტთან გამკლავებას კიდევ უფრო ურთულებს.

  • ამავდროულად, რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტთან მიღწეული საექსპორტო შეთანხმების ფარგლებში საერთაშორისო ბაზრებზე დიზელის საწვავის მიწოდებას აგრძელებს.
  • უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ოქტომბრის ბოლოდან გააძლიერა, მას შემდეგ, რაც კიევსა და მოსკოვს შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმება პრაქტიკაში ვერ განხორციელდა.

დეტალურად: ინდუსტრიის წყაროებისა და ოფიციალური პირების ცნობით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა თავდასხმებმა რუსეთის 35 მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ცხრაში მუშაობის შეფერხება და საგანგებო ვითარებები გამოიწვია.

  • წყაროების თანახმად, ოქტომბრის ბოლოდან დრონების თავდასხმების შედეგად დაზარალებული ქარხნების საერთო საპროექტო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 300 ათას ტონა ნავთობს, ანუ 2,2 მილიონ ბარელს შეადგენს.

  • შედარებისთვის, რუსეთის ნავთობის პირველადი გადამუშავების საერთო სიმძლავრე დღეში დაახლოებით 930 ათასი ტონაა.

  • ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ქარხნები დღეში დაახლოებით 700 ათას ტონა, ანუ 5 მილიონ ბარელ ნავთობს ამუშავებდნენ.

  • წყაროების შეფასებით, თავდასხმების შედეგად რუსეთის ქარხნებში ნავთობის რეალური გადამუშავების მოცულობა შესაძლოა დღეში 200 ათასი ტონით შემცირდეს.

უკრაინის პოზიცია: პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ კიევი რუსეთის ნავთობის სექტორთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს.

  • მისი თქმით, ეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხო მოქმედებებია.
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ელექტროსადგურები, ენერგოქსელები, გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები მუდმივი თავდასხმების სამიზნეა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე