15:07 | 10 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები
ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ უნდა იცოდეთ
10 ნოემბერს აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.
სამმხრივი მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება. სავარაუდოდ, მხარეები უკრაინაში ომის დასრულების პრინციპებსა და ევროპაში ომისშემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურას განიხილავენ.
გავლენიანი დასავლური მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რა საკითხები და შესაძლო შეთანხმების ვარიანტები განიხილება მოლაპარაკებებზე.
The Economist: ბრიტანული ჟურნალის ცნობით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა განიხილება.
- ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლი გამოეცხადებინა ისე, რომ უკრაინას მის კონტროლქვეშ დარჩენილი ქალაქების დათმობა არ მოუწიოს.
- ჯერჯერობით ეს მხოლოდ განსახილველი იდეაა და არა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება.
- საუბარია დონეცკის ოლქში უკრაინის კონტროლქვეშ დარჩენილ მსხვილ ქალაქებზე, რომლებიც ერთმანეთთან სიახლოვისა და სტრატეგიული მნიშვნელობის გამო "ციხესიმაგრეთა სარტყელს" ქმნიან.
Financial Times: გამოცემის ცნობით, ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას დამატებითი ტერიტორიული დათმობების მოთხოვნას უკავშირებს.
FT-ის თანახმად, პუტინი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად დონბასის იმ რაიონებიდან უკრაინული ძალების გაყვანას ითხოვს, რომლებსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს.
საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე ქალაქზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება: დობროპოლიე, კოსტიანტინივკა, დრუჟკივკა, კრამატორსკი, სლოვიანსკი და ლიმანი.
ამავე დროს, The Economist-ისა და Axios-ის წყაროების ინფორმაციით, მოსკოვი ტერიტორიულ საკითხზე გარკვეული კომპრომისისთვის მზადყოფნას აჩვენებს.
"ციხესიმაგრეთა ქალაქები" დონეცკის ოლქში, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
უკრაინის პოზიცია: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიული საკითხების განხილვა მხოლოდ სახელმწიფოთა ლიდერების შეხვედრაზეა შესაძლებელი.
ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები Axios-ს ეუბნებიან, რომ ბოლო კვირებში რუსეთმა და უკრაინამ არაფორმალური კონტაქტების დროს ტერიტორიულ საკითხზე გარკვეული მოქნილობა გამოავლინეს.
The Economist-ის წყაროების თანახმად, რუსეთი უჩვეულო მოქნილობას ავლენს, მათ შორის, ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეჩერების საკითხშიც.
უსაფრთხოების გარანტიები: უკრაინის პოზიციით, ომის დასრულება უსაფრთხოების მყარი გარანტიების გარეშე შეუძლებელია.
- Politico-ს ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-მა მოსკოვს ჰკითხა, დათანხმდებოდა თუ არა უკრაინისთვის NATO-ს წესდების მე-4 და მე-5 მუხლების მსგავს ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე ალიანსის მხრიდან ანალოგიურ ვალდებულებებს.
The Economist-ის თანახმად, რუსეთი კვლავ არ ავლენს მზადყოფნას, დათანხმდეს უკრაინაში მრავალეროვნული სამხედრო ძალების განთავსებას.
მოსკოვი ასევე ინარჩუნებს მოთხოვნებს უკრაინის ნეიტრალიტეტისა და მისი შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ.
კიდევ ერთი უთანხმოება: მხარეები ვერ თანხმდებიან ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბზეც.
კიევი მინიმუმ ათი წლით ფართომასშტაბიანი ფინანსური და სამხედრო დახმარების გარანტიებს ითხოვს, მათ შორის არანაკლებ 800-ათასკაციანი არმიის შესანარჩუნებლად.
The Economist-ის ცნობით, აშშ ასეთ მხარდაჭერას ზედმეტად ძვირად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები საკმარისი უნდა იყოს.
დიდი სურათი: The Economist-ის ინფორმაციით, მოსკოვმა ტერიტორიულ საკითხზე მოქნილობის გამოვლენა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშინგტონმა მოლაპარაკებების დღის წესრიგის გაფართოება და ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა შესთავაზა.
უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა რუსეთს ახალი, წინასწარვე შეუსრულებელი მოთხოვნების წამოყენების საშუალება მისცეს და მოლაპარაკებების საფარქვეშ ომის გაგრძელებას შეუწყოს ხელი.
კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები მოითხოვენ, რომ თავდაპირველად საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს ევროპის უსაფრთხოების სისტემის განხილვა.
The Economist-ის ცნობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები ამ თანმიმდევრობას არ ეთანხმებიან.
ევროპის შეშფოთება: ევროპული ქვეყნები შიშობენ, რომ მოსკოვთან შესაძლო ახალმა შეთანხმებებმა NATO შესაძლოა შეასუსტოს.
- Politico-ს თანახმად, ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ NATO ევროპის უსაფრთხოების სისტემაში ცენტრალურ როლს შეინარჩუნებს. აშშ ასევე ცდილობს, ევროპული ქვეყნები მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებში ჩართოს.
- Financial Times-ის ცნობით, ევროპელი ოფიციალური პირები მზად არიან, განიხილონ სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილების მექანიზმების აღდგენა. მათ შორის ასახელებენ "ღია ცის ხელშეკრულების" მსგავს შეთანხმებებსა და გარკვეული ტიპის რაკეტების განთავსების შეზღუდვებს.
კონტექსტი: Financial Times-ის წყაროების თანახმად, პუტინი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ზამთარი ხელსაყრელი პერიოდია უკრაინის დასასუსტებლად, განსაკუთრებით მის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების საშუალებით.
- The Economist-ის ცნობით, კიევში არ ელიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ზამთრის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს.