14:26 | 11 ნოემბერი, 2026 — აშშ
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ირანული მუქარის გამო, სამხედრო ბაზაზე გადავიდა - Fox News
ირანის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა.
პარალელურად, აშშ-მა დიდ ბრიტანეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და 13 სამხედრო თვითმფრინავი სხვა ავიაბაზებზე გადაიყვანა.
ვითარების არსი: Fox News Digital-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სამშაბათს დაადასტურა, რომ ირანის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, სკოტ ბესენტი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ბაზაზე გადავიდა.
ბესენტი აგვისტოდან ხელმძღვანელობს ირანის წინააღმდეგ სანქციებისა და ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას.
კამპანიის მიზანია თეირანზე ზეწოლა, რათა მან შეწყვიტოს გემებზე თავდასხმები და გახსნას ჰორმუზის სრუტე, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ძირითადად, ჩაკეტილია.
Reuters-ის მიერ მოპოვებული სადაზვერვო მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ირანული თავდასხმების გეგმებმა მომზადების მოწინავე ეტაპს მიაღწია.
ბაზები ბრიტანეთში: 9 ნოემბერს, აშშ-მა RAF Mildenhall-ის ბაზიდან 13 სამხედრო თვითმფრინავი შოტლანდიაში, გერმანიასა და ესპანეთში მდებარე სხვა ავიაბაზებზე გადაიყვანა.
Associated Press-ის ცნობით, მათ შორის იყო KC-135 Stratotanker ტიპის ჰაერში საწვავით გამმართველი თვითმფრინავები და CV-22B ტიპის კონვერტოპლანები.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ეს პრევენციული ღონისძიება იყო.
კონტექსტი: სექტემბერში , დიდ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები და თვითმფრინავები არიან განთავსებული, სავარაუდო თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ოქტომბერში აშშ-მა ბაზიდან ყველა B-1B Lancer ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი გაიყვანა.
ოქტომბრის ბოლოს, ბრიტანეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ, ბაზასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, ორ მამაკაცს ბრალი წაუყენა. ერთ-ერთ მათგანს უცხოური დაზვერვის სამსახურის დახმარებაში ადანაშაულებენ. გამომძიებლების ვარაუდით, საუბარია ირანის დაზვერვაზე.
ცალკე, Axios-ის ცნობით, აშშ-ში ირანთან სავარაუდოდ დაკავშირებული ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვის საქმეზე სამ პირს წაუყენეს ბრალი. ბრალდებები მოიცავს სექტემბერში RAF-ის ბაზაზე თავდასხმის სავარაუდო გეგმასაც.
ბრალდების დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ციხიდან თანამზრახველებთან კოდირებული შეტყობინებებით დაკავშირებასა და მათი მოქმედებების კოორდინაციას ცდილობდა.