ისტორიაში პირველად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ II ბრალდებულის სტატუსით სასამართლოს წინაშე წარდგება. ეპისკოპოს გევორგ საროიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საქმეზე ხელისუფლება გარეგინ II-ს და ეკლესიის სხვა მაღალჩინოსნებს საროიანის აღდგენაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.
ვითარების არსი: Civilnet-ის ცნობით, გარეგინ II-სთან ერთად სასამართლოს წინაშე წარდგება ეკლესიის კიდევ ხუთი წარმომადგენელი, რომელთაც ბრალად ედებათ "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის განზრახ ხელის შეშლა."
- მათ შორის არიან არქიეპისკოპოსი ნათან ჰოვჰანისიანი, არქიეპისკოპოსი ჰაიკაზუნ ნაჯარიანი, ეპისკოპოსი ვაჰან ჰოვჰანესიანი, ეპისკოპოსი ედგარ ჰაკობიანი და ეპისკოპოსი არტურ ჰაკობიანი.
- Civilnet-ის თანახმად, გარეგინ II-სა და ეპისკოპოსებს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალათ.
სტრიქონებს შორის: საროიანი იმ სასულიერო პირთა შორის იყო, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გარეგინ II-სთან კონფლიქტში. მან საჯაროდ დაუჭირა მხარი ფაშინიანის საეკლესიო რეფორმის იდეას, რის შემდეგაც, იანვარში, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
- გათავისუფლების მიზეზად ეკლესიამ საროიანის მიერ "თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობების შეუსრულებლობა, ასევე ეპარქიის სამღვდელოებაზე განხორციელებული იძულებისა და ზეწოლის შემთხვევები" დასახელა.
- საპასუხოდ, საროიანმა უარყო ეკლესიის ბრალდებები და გარეგინ II სამღვდელოების ყველა წევრზე კომპრომატების ფლობაში დაადანაშაულა.
- სომხეთის სასამართლომ ეკლესიას საროიანის თანამდებობაზე აღდგენა დაავალა.
დიდი სურათი: სომხეთის ხელისუფლებამ გარეგინ II-ს ქვეყნის დატოვება თებერვალში აუკრძალა, თუმცა ორი თვის შემდეგ, აპრილში, მოგზაურობაზე შეზღუდვა გააუქმა.
- სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის დაპირისპირება 2024-2025 წლებში გამწვავდა. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ეკლესიის მიერ ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა და ფაშინიანის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა გახდა.
- თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ეკლესიასთან დაპირისპირების მთავარ მიზეზად კათოლიკოსის მიერ საეკლესიო კანონების დარღვევა და კორუფცია დაასახელა.
- 2025 წლის ივნისში ფაშინიანმა განაცხადა, რომ კათოლიკოსმა გარეგინ II-მ დაუქორწინებლობის აღთქმა დაარღვია. პრემიერმა აღნიშნა, რომ პატრიარქს ჯერ კიდევ ეპისკოპოსობის პერიოდში შვილი ეყოლა, რაც სომხური სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ წესებს ეწინააღმდეგება და მას ავტომატურად უკარგავს კათოლიკოსის ტახტის დაკავების უფლებას.
- მოგვიანებით, 2025 წლის 6 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა ეს ბრალდება კიდევ ერთხელ გაიმეორა და პირდაპირ თქვა, რომ "სომხეთს არ ჰყავს ლეგიტიმური კათოლიკოსი, არამედ არის ადამიანი, რომელსაც ეს სტატუსი უკანონოდ აქვს დაკავებული."
კონტექსტი: 2025 წლის ივნისშივე ფაშინიანმა კათოლიკოსი ყოფილ "კორუმპირებულ რეჟიმთან" და ოლიგარქებთან ალიანსში დაადანაშაულა.
- 2025 წლის 6 ნოემბერსა და 2026 წლის იანვარში გამოსვლებისას, ფაშინიანმა და მისმა გუნდმა გარეგინ II-ის ძმის - რუსეთისა და ახალი ნახიჭევანის ეპარქიის მეთაურის, არქიეპისკოპოს ეზრას ნერსისიანის შესახებ განაცხადეს, რომ ის საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.
- ფაშინიანის მტკიცებით, გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ეზრას ნერსისიანი საბჭოთა პერიოდში KGB-ს აგენტი იყო და უცხოურ სპეცსამსახურებთან კავშირს დღემდე ინარჩუნებს.