12:09 | 30 ივლისი, 2026 — საფრანგეთი
საფრანგეთი RT France-ის ყოფილ მთავარ რედაქტორს ქვეყნიდან გააძევებს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა განკარგულება რუსეთის მოქალაქის, ქსენია ფედოროვას გაძევების შესახებ, რომელიც მანამდე რუსული სახელმწიფო ტელეარხის, RT-ის ფრანგულ რედაქციას ხელმძღვანელობდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, დადგენილებას ხელი 28 ივლისს მოეწერა.
ვითარების არსი: გამოცემა Libération-ის მონაცემებით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფედოროვას საქმიანობა "ლახავს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ინტერესებს".
- დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფედოროვა "გამოდის რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული დეზინფორმაციული კამპანიების გამავრცელებლად", რომლის მიზანიც ქვეყანაში "საზოგადოებრივი წესრიგის დესტაბილიზაციაა".
- თავად ფედოროვას სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
- Politico-ს ინფორმაციით, ამჟამად ფედოროვა შინაპატიმრობაში იმყოფება და საფრანგეთში მუშაობის უფლება არ აქვს.
კონტექსტი: 2023 წელს RT France-ის მაუწყებლობის შეწყვეტის შემდეგ, ფედოროვა რეგულარულად გამოდიოდა კონსერვატიულ ტელეარხ CNews-სა და რადიოსადგურ Europe 1-ზე, სადაც რუსულ ნარატივებთან დაახლოებულ პოზიციებს აჟღერებდა.
- არხის დახურვის შემდეგ ფედოროვა საფრანგეთში დარჩა და იქ მემუარები გამოაქვეყნა, სახელწოდებით "გაძევებული. სიტყვის თავისუფლება პირობითად".
- მიუხედავად იმისა, რომ ემანუელ მაკრონი ჯერ კიდევ 2017 წელს უწოდებდა RT-ს "გავლენისა და პროპაგანდის ორგანოს", 2024 წელს ფედოროვამ საფრანგეთში ბინადრობის 10-წლიანი უფლება მიიღო.
- ფრანგული მედიები ელოდნენ, რომ ფედოროვა მოხვდებოდა ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რომლებიც ამ თვეში მიიღეს, თუმცა ეს ასე არ მოხდა.