დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:30 | 27 ნოემბერი, 2026 — ტექნოლოგიები

SpaceX კოსმოსში მილიონ თანამგზავრს გაგზავნის

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე მილიონი თანამგზავრის გაშვების ნებართვა მისცეს. 

ვითარების არსი: ილონ მასკის მფლობელობაში არსებულ კომპანიას სურს, მზის ენერგია გამოიყენოს იმ თანამგზავრების კვებისთვის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისთვის მონაცემებს დაამუშავებენ და შედეგებს დედამიწაზე გამოაგზავნიან.

  • კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) 26 ნოემბერს განაცხადა, რომ პროექტი, სახელწოდებით Starmind, "ხელს შეუწყობს ამერიკის ეკონომიკის სწრაფ ზრდას".
  • აშშ-ის ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება "მნიშვნელოვნად შეაფერხებს" საზოგადოების შესაძლებლობას, შეისწავლოს და დააკვირდეს ღამის ცას.

ჩაშლილად: დედამიწაზე მონაცემთა ცენტრების მშენებლობის მიმართ წინააღმდეგობა იზრდება, მათ შორის აშშ-შიც, სადაც ექსპერტების თქმით, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დიდი მარცხისა.

  • SpaceX-ს მიაჩნია, რომ "ორბიტული მონაცემთა ცენტრები" ყველაზე ეკონომიური და ენერგოეფექტური გზაა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით სიმძლავრეებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
  • FCC-ის თავმჯდომარემ, ბრენდან კარმა განცხადებაში აღნიშნა, რომ პროექტი "ხსნის ახალ, თამამ ჰორიზონტს იმ გამოთვლითი ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც საჭიროა ამერიკის ლიდერობისა და ზრდის გასაძლიერებლად".
  • "ეს არის სწორედ ის ამერიკული გამომგონებლობა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს ჩვენი ძალები კოსმოსსა და მოწინავე ტექნოლოგიებში, განამტკიცოს ჩვენი ეკონომიკური ლიდერობა და გააფართოოს კეთილდღეობა აქ, სამშობლოში". - განაცხადა კარმა.
  • განცხადების საპასუხოდ მასკმა პლატფორმა X-ზე დაწერა: "დიდი მადლობა. ეს დიდი შენაძენი იქნება ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის".
  • FCC-ის ლიცენზიის თანახმად, თანამგზავრების განთავსება 2033 წლის ნოემბრამდე უნდა დაიწყოს. SpaceX ვალდებული იქნება, 2035 წლის ნოემბრისთვის თანამგზავრების 10% განათავსოს, ხოლო 2038 წლის ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე გაზარდოს.
  • კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ პირველი Starmind თანამგზავრის გაშვებას მომავალ წელს გეგმავს.

დიდი სურათი: BBC Radio 4-ის გადაცემა Today-სთან საუბრისას, Surrey Satellite Technology Ltd-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, პროფესორმა სერ მარტინ სვიტინგმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსში მონაცემთა ცენტრების იდეა "ტექნიკურად განხორციელებადი" ჩანს, ჯერ კიდევ გასაანალიზებელია, აქვს თუ არა ამას აზრი ასეთ მასშტაბებზე.

  • მან დასძინა, რომ თანამგზავრების ქსელიდან მონაცემების მიღება დამოკიდებული იქნება დედამიწიდან მათთან ლაზერული კავშირის გამოყენების შესაძლებლობაზე.
  • "ეს ტექნოლოგია ჯერ არ არის დახვეწილი იმ დონეზე, რომ შეძლოს იმ უზარმაზარი მოცულობის მონაცემების მხარდაჭერა, რომლებიც, სავარაუდოდ, ორმხრივად გადაიცემა". - თქვა მან.
  • ამავდროულად, ამერიკის ასტრონომიულმა საზოგადოებამ (AAS) განაცხადა, რომ გადაწყვეტილებით "იმედგაცრუებული და შეშფოთებულია".
  • ორგანიზაციის თქმით, შემოთავაზებული თანავარსკვლავედი "მნიშვნელოვნად დააზარალებს ასტრონომიული ობიექტების შესწავლაში ჩადებულ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ ფედერალურ ინვესტიციებს", ისევე როგორც "ასტრონომებისა და საზოგადოების შესაძლებლობას, დატკბნენ და შეისწავლონ ღამის ცა".
  • ორბიტული მონაცემთა ცენტრების კონცეფციას სხვა კომპანიებიც იკვლევენ — მათ შორის Google და Blue Origin — და მას განიხილავენ, როგორც უფრო ეკოლოგიურ ალტერნატივას ტრადიციული ცენტრებისთვის, რომლებსაც მუშაობისთვის უზარმაზარი ელექტროენერგია, ხოლო გაგრილებისთვის დიდი რაოდენობით წყალი სჭირდებათ.
  • ხელოვნური ინტელექტის გამოთვლების მზარდმა გამოყენებამ მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაზარდა იმ მონაცემთა მოცულობა, რომელთა შენახვა და დამუშავებაცაა საჭირო.
  • ახალი ობიექტების მშენებლობა გრძელდება, თუმცა მათ განსათავსებლად ადგილების პოვნა სულ უფრო რთულდება. მონაცემთა ცენტრები დიდი და მასშტაბურია, მოიხმარენ უზარმაზარ ენერგიასა და წყალს გაგრილებისთვის, და ადგილობრივ მოსახლეობას სულ უფრო ნაკლებად სურს, რომ ისინი მათ სიახლოვეს აშენდეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე