დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:15 | 27 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

რუსეთში საჰაერო თავდაცვის ჯარების ყოფილი სარდალი დააკავეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ჯარების ყოფილი სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იური გრეხოვი

26 ნოემბერს 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ დააპატიმრა საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე შეიარაღების დარგში, გენერალ-პოლკოვნიკი იური გრეხოვი.

ვითარების არსი: გრეხოვი 2018-დან 2021 წლამდე საჰაერო თავდაცვის ჯარებს სარდლობდა და ამჟამინდელ თანამდებობაზეც აგრძელებდა ამ მიმართულების კურირებას.

  • რუსული მედიების ცნობით, გრეხოვს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, საქმეს საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველო იძიებს.
  • გამოცემა RBK-ს ინფორმაციით, გრეხოვმა ბრალი არ აღიარა.
  • რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
  • გრეხოვი საჰაერო თავდაცვის სფეროში სამხედრო კარიერის დასაწყისიდანვე მუშაობს. 2013 წლიდან იყო საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების სარდლის პირველი მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან — ამ ჯარების სარდალი.
  • 2021 წელს გრეხოვი გახდა საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე შეიარაღების დარგში, თუმცა ამ პოსტზეც განაგრძობდა საჰაერო თავდაცვის საკითხებზე მუშაობას. მ

ჩაშლილად: გრეხოვის შემდეგ საჰაერო თავდაცვის სარდალი გახდა ანდრეი დემინი, რომლის წინააღმდეგაც ასევე იყო აღძრული საქმე.

  • "2013-დან 2021 წლამდე ვიყავი მოსკოვის ოლქში საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაერთიანების სარდალი, შემდეგ ქვეყნის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების სარდალი, საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე. 23-ე წელს სამსახურიდან წავედი". - უთხრა დემინმა 27 ნოემბერს გამოცემა "აგენსტვოს" რედაქტორს.
  • სამსახურიდან წასვლის შემდეგ დემინის კარიერის შესახებ არაფერია ცნობილი. გაჟონილი მონაცემებისა და სასამართლო ბაზის თანახმად, 2025 წლის აგვისტოში რეუტოვის გარნიზონის სასამართლოში მის წინააღმდეგ შევიდა საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის მუხლით, თუმცა უკვე სექტემბერში წარმოება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა.
  • გარდა ამისა, 2023 წლის ზაფხულში ქრთამის საქმეზე დააპატიმრეს მოსკოვის დამცავი საჰაერო თავდაცვის პირველი არმიის ყოფილი სარდალი კონსტანტინ ოგიენკო და საჰაერო თავდაცვის მე-4 დივიზიის მეთაური დიმიტრი ბელიაცკი.

კონტექსტი: 2023 წლიდან უკრაინულმა დრონებმა მოსკოვამდე დაიწყეს მიღწევა - იმავე წლის მაისში ორი მათგანი კრემლის თავზე აფეთქდა.

  • ამასთან, გრეხოვი 2019 წელს ამტკიცებდა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენის პრობლემა გადაჭრეს.
  • 2024 წლის აპრილში კი ის უკვე ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ "ბოლო წლის მოვლენებმა აჩვენა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განხორციელებული დარტყმებისგან მნიშვნელოვანი სამხედრო, სამრეწველო და ადმინისტრაციული ობიექტების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა".
  • დემინი 2023 წელს მედია "კრასნაია ზვეზდასთვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და იმაზე საუბრობდა, თუ როგორ აანალიზებენ სამხედრო სასწავლებლები უკრაინაში შეჭრის გამოცდილებას: "მთელი ეს გამოცდილება სახელმძღვანელოებში შედის".
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე