15:46 | 27 ნოემბერი, 2026 — რუსეთი
რუსეთში უკრაინული დარტყმების შედეგების გაშუქებისთვის შესაძლოა პატიმრობა დაწესდეს
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარადგინეს სამი კანონპროექტი, რომელთა მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში უკრაინული დარტყმების შედეგებზე მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გავრცელება იქნება ნებადართული.
აკრძალვის პირველად დარღვევისთვის კანონპროექტი ჯარიმას ითვალისწინებს, განმეორებით დარღვევისთვის კი თავისუფლების აღკვეთას.
ვითარების არსი: მედიის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, უკრაინაში ომის გაშუქებისას მედიას დარტყმების შედეგებზე ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეეძლებათ.
- ინფორმაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება კი ყველას შეეხება, მათ შორის სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც.
- აკრძალვა მოიცავს იმ თავდასხმებსაც, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ტერაქტებად მიიჩნევს.
- კანონპროექტის ფორმულირებიდან გამომდინარე, შეზღუდვა ასევე შეეხება მოსამართლეების, გამომძიებლების, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მკვლელობის მცდელობის შედეგებზე ინფორმაციის გავრცელებას.
როგორ დაისჯება დარღვევა: აკრძალვის პირველად დარღვევისთვის რუსეთის მოქალაქეს 30 ათასიდან 50 ათას რუბლამდე ჯარიმა დაეკისრება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჯარიმასთან ერთად რუსეთიდან გაძევებაც ემუქრება.
- თუ პირი იმავე აკრძალვას დაჯარიმების შემდეგ კიდევ დაარღვევს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. ასეთ შემთხვევაში მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- თუ აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას რაიმე შედეგი მოჰყვა, სასჯელის მაქსიმალური ვადა ხუთ წლამდე იზრდება.
როგორ ხსნიან ინიციატივას ავტორები: განმარტებით ბარათში სენატორები წერენ, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოები მოწინააღმდეგეს დარტყმების შედეგების შეფასებასა და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვაში ეხმარება.
კონტექსტი: კანონპროექტები სენატორთა ჯგუფმა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატორია ანდრეი კლიშასი, რომლის საკანონმდებლო წინადადებებსაც რუსეთის პარლამენტი, როგორც წესი, მხარს უჭერს.