დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

21:21 | 10 ოქტომბერი, 2026 — დონალდ ტრამპი

ტრამპი: დროა უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს

დონალდ ტრამპის თქმით, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს, რადგან ზელენსკის ომის დასრულება არ სურს.

ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვითარების არსი:  ეს 2025 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპი უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლაზე ალაპარაკდა.

  • "ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს", - თქვა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად და დასძინა, რომ უკრაინელ ლიდერს არაერთხელ შეეძლო კონფლიქტის დასრულება, თუმცა ეს არ გააკეთა.

  • "ვფიქრობ, უნდა იპოვონ ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებდა გარიგების დადებას. ზელენსკის ბევრჯერ შეეძლო შეთანხმება, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით ეს არასდროს გააკეთა", - აღნიშნა ტრამპმა.

დიდი სურათი: დაძაბულობის ახალი რაუნდი კიევსა და ვაშინგტონს შორის ტრამპის ადმინისტრაციის გუშინდელ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ამერიკა მომდევნო წლის 7 აპრილამდე გააუქმებს რუსული წარმოების დიზელის ექსპორტზე დაწესებულ სანქციებს.

  • გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა პუტინთან გამართული მორიგი სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღეც მიულოცა.

  • ამ ნაბიჯს "სუსტი" უწოდა და "ომში ჩადებულ ინვესტიციად" შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დადებული შეთანხმება უკიდურესად უსამართლოა.

ჩაშლილად: შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნაადრევად დასრულდა უკრაინული დელეგაციის ვიზიტი მაიამიში, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რეზიდენციაში.

  • დასავლური მედიის ცნობით, რუსეთთან დიზელის ექსპორტზე შეთანხმების მიზეზი უკრაინის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის განმეორებითი თხოვნების იგნორირება გახდა - ამერიკაში საწვავზე მაღალი ფასების ფონზე ტრამპმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ უკრაინას უნდა შეეწყვიტა დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე.

  • ეკონომისტების შეფასებით, ნავთობზე მაღალი ფასების რეალური მიზეზი აშშ-სა და ირანის დაპირისპირება და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარებაა, ხოლო რუსული ექსპორტის გათავისუფლება შესამჩნევად ვერ შეცვლის ვერც გლობალურ და ვერც ამერიკულ ფასებს.

  • Financial Times-ის წყაროს ცნობით, მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რუსეთის სანავთობო ობიექტებზე დარტყმების გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპის წარმომადგენლები სადაზვერვო თანამშრომლობის შეწყვეტით იმუქრებოდნენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, უკრაინული დელეგაციის პოზიცია იყო, რომ დარტყმები გაგრძელდება.

კონტექსტი: იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებას ომის დასრულებამდე განიხილავს, New York Times გასულ სექტემბერს წერდა.

  • გამოცემის წყაროს ცნობით, განიხილება მასშტაბური შეთანხმებები ძირითადად ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის ისეთი გარიგებებიც, რომლებშიც ფინანსური ინტერესი ექნებათ ტრამპის ემისრებს - ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს.

  • საგარეო საკითხებში პუტინის მრჩევლის, იური უშაკოვის ცნობით, სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა გამორიცხა უახლოეს მომავალში უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების შანსი და ამის მიზეზად დუმის არჩევნების დროს უკრაინული დრონების შეტევები დაასახელა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე