აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს. გადადგომის მიზეზად მან მეუღლის, აბრაამ უილიამსის, ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაასახელა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: გაბარდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო ეროვნული უსაფრთხოების სფეროში და 2025 წელს, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე კვირაში, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად დაამტკიცეს. მისი წასვლა ადმინისტრაციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფონზე ხდება.
რა თქვა გაბარდმა: CBS News-ის მიერ მოპოვებულ გადადგომის წერილში გაბარდი წერს:
მისი ძალა და სიყვარული ყველა გამოწვევის გადალახვაში დამეხმარა. სინდისი არ მაძლევს უფლებას, ამ ბრძოლაში მარტო დავტოვო, მაშინ როცა მე ამ რთულ და დროის მომთხოვნ პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას
გაბარდის თქმით, მომდევნო კვირეები და თვეები მისი მეუღლისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
ტრამპის რეაქცია: აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაბარდმა „შესანიშნავი სამუშაო შეასრულა“. პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას დროებით მისი მოადგილე აარონ ლუკასი შეასრულებს.
კონტექსტი: ბოლო თვეებში გაბარდი საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩანდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში ჩაერთო და ვენესუელასა და კუბასთან მიმართებით აგრესიული პოლიტიკა გააძლიერა. ანტიინტერვენციონისტური პოზიციებით ცნობილი გაბარდი ირანთან ომის საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციისგან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებდა.
დიდი სურათი: გაბარდი ტრამპის ადმინისტრაციის მეოთხე კაბინეტის წევრია, რომელმაც წელს თანამდებობა დატოვა. მანამდე ადმინისტრაცია დატოვეს შრომის მდივანმა ლორი ჩავეს-დერემერმა, შიდა უსაფრთხოების მდივანმა კრისტი ნოემმა და გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ.