ახალი ამბები

13:40 | 08 ივლისი, 2026 — აშშ

თურქეთის შესაძლო დაბრუნება F-35-ის პროგრამაში: რატომ არის მნიშვნელოვანი

დონალდ ტრამპმა ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას მიანიშნა, რომ მზად არის, თურქეთი F-35 გამანადგურებლების პროგრამაში დააბრუნოს.

ეს იქნება აშშ-ის პოლიტიკის მკვეთრი შემობრუნება და იმ აკრძალვის გაუქმება, რომელიც თავად ტრამპმა 7 წლის წინ დააწესა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: საუბარია თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მოდერნიზაციაზე, რაც მოიცავს როგორც ახალი თვითმფრინავების შესყიდვას, ისე 700 მილიონ დოლარად შეფასებულ ხელშეკრულებას გამანადგურებლების ახალი ძრავების მიწოდებაზე.

  • თუ შეთანხმება შედგა, თურქეთი გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც F-35-ის წარმოების პროგრამაში ჩაერთვება და მეორე (ისრაელის შემდეგ), რომელიც ამ თვითმფრინავებს მიიღებს.
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ შიშობს, რომ ეს ნაბიჯი დაარღვევს ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს და საფრთხეს შეუქმნის ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების უპირატესობას.

წინარე ისტორია: 2019 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა.

  • 2020 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვას, სანამ ადმინისტრაცია ოფიციალურად არ დაადასტურებს, რომ ანკარა აღარ ფლობს რუსულ საზენიტო სისტემებს.

F-35 vs S-400: F-35 არის მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მეხუთე თაობის სტელსი (უხილავი) გამანადგურებელი, რომლის საჰაერო უპირატესობაზეც დგას ისრაელისა და აშშ-ის სტრატეგია რეგიონში.

  • S-400 არის რუსული სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის პლატფორმა. ვაშინგტონის მთავარი შიში იყო, რომ თუ თურქეთი ორივე სისტემას გამოიყენებდა, რუსეთი F-35-ის უხილავობის ტექნოლოგიისა და სხვა საიდუმლო შესაძლებლობების გაშიფვრას შეძლებდა.

ტექნიკური დეტალები: F-35-ის მთავარი ძალა მეხუთე თაობის სტელსის ტექნოლოგიაა. მისი რადიოლოკაციური აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია.

  • მეოთხე თაობის თვითმფრინავები F-35-ს მხოლოდ კრიტიკულად ახლო მანძილიდან ამჩნევენ. თავად F-35 კი მოწინააღმდეგეს შორიდანვე ხედავს და მანამ ანადგურებს, სანამ ის საფრთხეს მიხვდება.

  • ამასთანავე, F-35 მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე სწრაფია. ის მანამ უტევს და აზიანებს/ანადგურებს სისტემას, სანამ რადარები მის აღმოჩენას და რაკეტის გაშვებას მოასწრებენ.

კონტექსტი: ნეთანიაჰუ აქტიურად ცდილობს, გადაარწმუნოს ტრამპი თურქეთის F-35-ის პროგრამაში დაბრუნებაზე. თუმცა, ირანის კონფლიქტზე გაცრუებული პროგნოზების გამო, ისრაელის პრემიერის გავლენა თეთრ სახლში საგრძნობლად შემცირდა.

  • თეთრი სახლი უკვე ეძებს სამართლებრივ გზებს, რათა გვერდი აუაროს კონგრესის აკრძალვას და ანკარას გამანადგურებლები მიჰყიდოს. თუმცა, კონგრესმენთა ჯგუფი გეგმის დაბლოკვას აქტიურად ცდილობს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე