ახალი ამბები

18:53 | 01 ივლისი, 2026 — რუსეთი

უკრაინამ კრემლის და სამხედრო სარდლობის დაცულ სატელიტურ კავშირს დაარტყა

უკრაინის საჰაერო თავდასხმის შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მე-14 მთავარი კავშირგაბმულობის ცენტრის ფილიალი დაზიანდა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ და დაზიანებების ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებენ.

ვითარების არსი: ინფორმაციების თანახმად, კადრებში ნაჩვენები შენობები მოსკოვის ოლქის დასახლება ბელოომუტში მდებარე თანამგზავრული კავშირგაბმულობის კომპლექსის ნაწილია.

დეტალები: თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ტელეგრამ-არხებმა Supernova+ და Exilenova+ გაავრცელეს.

  • სამიზნე ობიექტი სტრატეგიული კავშირგაბმულობის სისტემა „რუბინის“ ნაწილია, რომელიც რეტრანსლატორების საშუალებით კრემლისა და სამხედრო სარდლობის დაცულ სატელიტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
  • კვლევითი ჯგუფის, Conflict Intelligence Team-ის (CIT) წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ კადრებში ჩანს შენობის სახურავზე განთავსებული ერთი სატელიტური ანტენის განადგურება.
  • თუმცა მანვე აღნიშნა, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე სხვა ანტენებიც არის დამონტაჟებული. მისივე შეფასებით, მხოლოდ ამ ვიდეოთი შენობის შიგნით არსებული ნგრევის მასშტაბის დადგენა შეუძლებელია, რადგან სხვა შედეგია, თუ ჭურვი ადმინისტრაციულ კორპუსს მოხვდა და სულ სხვა, თუ პირველ სართულზე განთავსებული აპარატურის ოთახი განადგურდა.

კონტექსტი: CIT-ის ექსპერტთა განმარტებით, ეს დარტყმა უკრაინის მიერ დაწყებული იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის კოსმოსური კავშირგაბმულობის შეფერხებას.

  • მანამდე, 22 ივნისს, იერიში კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრ „დუბნაზე“ განხორციელდა, 24 ივნისს კი ცენტრ „ვლადიმირზე“.
  • მოგვიანებით, 30 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დუბნაზე“ განმეორებითი თავდასხმის შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც, ტელეგრამ-არხების ცნობით, ერთი სამხედრო დაიღუპა, დაზიანდა ანტენები და სპეცაღჭურვილობის ნაწილი.
  • ეს კოსმოსური სისტემა რუსეთში სამხედრო სარდლობის ზედა ეშელონებს შორის კომუნიკაციისა და, სავარაუდოდ, სატელიტური ფოტოების მისაღებად გამოიყენება.
  • ექსპერტთა პროგნოზით, უკრაინა ამ ინფრასტრუქტურის მწყობრიდან სრულად გამოყვანას ნაკლებად შეძლებს, თუმცა მსგავსი წერტილოვანი დარტყმები რუსულ სამხედრო კავშირგაბმულობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს და უხარისხოს გახდის.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე