14:52 | 18 აგვისტო, 2026 — უკრაინა
უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები თითქმის ამოეწურა - CNN
უკრაინას თითქმის ამოეწურა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის რაკეტების მარაგი. ამის შესახებ CNN-ის ჟურნალისტებს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
ვითარების არსი: ჟურნალისტებს უკრაინაში ამ საზენიტო კომპლექსის 16 გამშვები დანადგარი აჩვენეს. მათ რეგულარული გამოყენების კვალი ეტყობოდათ. ამასთან, კომპლექსზე მომუშავე მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, რომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ისინი არცერთხელ არ გამოუყენებიათ.
- ბოლო თვეებში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმები გააძლიერა, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტებით.
- 5 აგვისტოს უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, საჰაერო თავდაცვის რაკეტების არარსებობის გამო, რუსეთის მიერ გაშვებული 28 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლეს.
სტიქონებს შორის: Politico-ს შეფასებით, ყველაზე პრობლემური Patriot PAC-3 და PAC-2 რაკეტების დეფიციტია, რომლებიც მიეკუთვნებიან "იმ მცირერიცხოვან ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც უკრაინას ბალისტიკური რაკეტებისგან იცავს."
- უკრაინის ხელისუფლება საჯაროდ არ აცხადებს, ზუსტად რამდენი რაკეტა დარჩა კიევს Patriot-ებისთვის.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მის ქვეყანას ზამთრის გადასატანად აშშ-ის მარაგების 5% ეყოფოდა.
- "თუ ისინი მოგვყიდიან 10%-ს (აშშ-ის Patriot-ის რაკეტების არსებული მარაგებიდან. - რედ.), ჩვენ გავანადგურებთ რუსეთის ყველა ბალისტიკურ რაკეტას. მე ახლა 1% მაქვს," - ხაზი გაუსვა მაშინ ზელენსკიმ.
- უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი Patriot-ის რაკეტების საჭირო რაოდენობის მისაღებად. იმავე საუბარში უკრაინის ლიდერმა აღიარა, რომ მის ქვეყანას "წელს ორნახევარჯერ ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე 2025 წელს." ამავდროულად, რუსეთს "თვეში ორჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე ადრე."
დიდი სურათი: CNN წერს, რომ Patriot-ის რაკეტების მიწოდების პრობლემები მსოფლიოში მარტსა და აპრილში დაიწყო, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომში მათი აქტიური გამოყენების ფონზე.
- საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ირანში ომის პირველ ოთხ დღეში კოალიციურმა ძალებმა საშუალოდ დღეში 225 რაკეტა გამოიყენეს, ანუ დაახლოებით 56 რაკეტა დღეში.
- ანალიტიკოსების გამოთვლით, 2025 წელს იარაღის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Lockheed Martin-მა Patriot-ისთვის 620 რაკეტა აწარმოა - დღეში 1.7 რაკეტა.
- იანვარში პენტაგონმა Lockheed Martin-თან შვიდწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიამ 2030 წლისთვის წარმოების ტემპი წელიწადში 2000 რაკეტამდე უნდა გაზარდოს.
კონტექსტი: 29 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტები სთხოვა, რათა ქვეყანამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების მოგერიება შეძლოს.
- ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპი უკრაინას დაპირდა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა 31 ივლისს განაცხადა, რომ "დარწმუნებული არ არის," მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.
- The Atlantic-ის ცნობით, ამერიკული თავდაცვითი კომპანიები Raytheon და Lockheed Martin შიშობენ, რომ ლიცენზიის მიღების შემთხვევაში უკრაინა შეძლებს გააუმჯობესოს Patriot-ის საზენიტო რაკეტები და ისინი უფრო სწრაფად და იაფად აწარმოოს.