13:10 | 07 ოქტომბერი, 2026 — შვედეთი
უკრაინის მომარაგების ჰაბის დაცვის მიზნით, შვედეთი პოლონეთში Patriot-ის ბატარეას განათავსებს
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, შვედეთი პოლონეთში Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ბატარესა და 100 სამხედროს განათავსებს.
ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს
რატომ არის მნიშვნელოვანი: შვედური ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ჟეშუვში მდებარე ლოგისტიკურ ჰაბს დაიცავენ, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მთავარი არტერიაა.
- აღსანიშნავია, რომ ეს ნატოს ოფიციალურ მისიაში შვედური Patriot-ების ჩართვის პირველი შემთხვევა იქნება.
მისიის დეტალები: მისია დეკემბრის დასაწყისში დაიწყება და 2027 წლის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება.
- შვედური კონტინგენტი უშუალოდ ალიანსის სარდლობის დაქვემდებარებაში იმოქმედებს და ნატოს ინტეგრირებულ ჰაერსაწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სისტემაში ჩაერთვება.
რას ამბობენ: "როგორც მოკავშირეები, ჩვენ ვიზიარებთ ნატოს ტერიტორიის დაცვის პასუხისმგებლობას, თუმცა, ამავდროულად, უკრაინის მხარდაჭერა შვედეთისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო ძალების მოწინავე შესაძლებლობების განთავსებით, შვედეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს გააძლიერებს და, ამავე დროს, უკრაინის მომარაგების სასიცოცხლო ხაზს დაიცავს", - აცხადებს შვედეთის არმიის სარდალი იოჰან პეკარი.
ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების პარალელურად, შვედეთი პოლონეთში JAS 39 Gripen-ის ტიპის გამანადგურებლებსაც გაგზავნის.
- მართალია, ავიაცია ძირითადად შვედეთის აეროდრომებზე იქნება ბაზირებული, თუმცა ფრენების ტექნიკური და ოპერატიული მხარდაჭერისთვის პოლონეთში მცირე მოწინავე ჯგუფი განთავსდება.