12 წლის შემდეგ სირიას არაბული ლიგის შემადგენლობაში დააბრუნეს

არაბული სახელმწიფოების ლიგის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ორგანიზაციაში სირიის წევრობის აღდგენის საკითხზე შეთანხმდნენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ Asociated Press ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება არ იყო კონსენსუსური და საბოლოო კენჭისყრას არ ესწრებოდა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი - კატარი კვლავ აგრძელებს სირიის ოპოზიციური დაჯგუფებების გაერთიანებას. 

სირია ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია, თუმცა 2011 წელს ასადის რეჟიმის მიერ წამოწყებული სასტიკი რეპრესიების შემდეგ, არაბულმა ლიგიამ სირიას წევრობა შეუჩერა. 

კონტექსტი 

სირიის წევრობის აღდგენის გადაწყვეტილება წინ უსწრებს არაბული ლიგის სამიტს, რომელიც 19 მაისს საუდის არაბეთში აიღებს სტარტს. 

არაბული სახელმწიფოების ლიგა 1945 წელს ეგვიპტის, სირიის, იორდანიის, იემენის, საუდის არაბეთის, ლიბანის და ერაყის ინიციატივით დაფუძნდა. 

ორგანიზაციის წესდებაში ნათქვამია, რომ საქმიანობის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება და არაბული სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაა. 

ბოლო თვეების განმავლობაში სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი აქტიურად ცდილობს რეგიონული კავშირების გაუმჯობესებას - ამ პერიოდის განმავლობაში ასადმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი გამართა, მათ შორის სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია საუდის არაბეთსაც, რომელიც ორგანიზაციის ყველაზე გავლენიან მოთამაშედ მიიჩნევა. 

მსგავსი სიახლეები