აზერბაიჯანმა რვა სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა

 

შუამავლობის პროცესის შედეგად, რომელსაც საფრანგეთი და ევროკავშირი წარმართავდნენ, აზერბაიჯანი რვა სომეხი სამხედრო ტყვის გათავისუფლებას დათანხმდა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება „ჰუმანისტურ პრინციპებზე“ დაყრდნობით მიიღეს.

ბაქოს მიერ ტყვეების გათავისუფლება ემანუელ მაკრონის, ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის პოზიტიური გამოძახილია, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

სომეხი ტყვეების სამშობლოში დასაბრუნებლად აზერბაიჯანში თვითმფრინავი სომხურმა მხარემ გაგზავნა.

2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მხარეები მოსკოვის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდნენ, თუმცა მას შემდეგ მცირე მასშტაბის სასაზღვრო შეტაკებებმა მუდმივი ხასიათი მიიღო.

გასული წლის ნოემბერში შეტაკებას ბაქოს თანახმად შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეეწირა. სომხური მხარე ექვს მოკლულ და ოცდაათ დატყვევებულ სამხედროზე საუბრობს.

სავარაუდოდ, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ნოემბრის შეტაკების დროს დატყვევებული პირებიც არიან.

მსგავსი სიახლეები