ბრაზილიაში ლულა და სილვას ინაუგურაცია შედგა
1 იანვარს, ბრაზილიის დედაქალაქში, ახლადარჩეული პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაცია გაიმართა. მემარცხენე მუშათა პარტიის ლიდერმა, მესამე ვადით არჩეულმა ლულამ ფიცი ეროვნული კონგრესის წინაშე დადო.
პრეზიდენტის რანგში თავის პირველ გამოსვლაში პოლიტიკოსმა თავისი წინამორბედი ჟაირ ბოლსონარო გააკრიტიკა. და სილვას თქმით, ყოფილი ხელისუფლება პასუხისმგებელია განათლების, ჯანდაცვისა და ბრაზილიის ტყეების დაცვაზე გამოყოფილი რესურსების შემცირებაზე. ლულამ პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობას.
მისთვის ეს უკვე მესამე საპრეზიდენტო ვადაა, ლულა მეექვსედ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. მან თანამდებობა პირველად 2003 წელს დაიკავა და 2006 წელს ხელახლა აირჩიეს.
2017 წელს ექსპრეზიდენტს კორუფციის ბრალდებით 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს, ხოლო 2021 წელს ბრაზილიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პოლიტიკოსის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.
და სილვამ ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 50.9%-ით გაიმარჯვა, ჟაირ ბოლსონარომ კი ხმების 49.1% მიიღო. თავისი მემარჯვენე შეხედულებებითა და COVID-19-ის სკეპტიციზმით გამორჩეულმა ბოლსონარომ არჩევნებში დამარცხება არ აღიარა და თქვა, რომ მისი მხარდამჭერების პოსტსაარჩევნო დემონსტრაციები იყო "საარჩევნო პროცესით აღშფოთებისა და უსამართლობის განცდის შედეგი."