ბუტუსოვი: სოლედარში ვითარება საფრთხის შემცველი გახდა
ცნობილი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტისა და პლატფორმა Цензор.нет-ის დამფუძნებელი იური ბუტუსოვი სოლედარში შექმნილ ვითარებაზე წერს.
ბუტუსოვის თქმით, სოლედარში ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საფრთხის შემცველი გახდა.
ბუტუსოვი წერს, რომ რუსებმა შეძლეს პოზიციების დაკავება საიდანაც სოლედარის გარნიზონისა და უკრაინის ზურგის დამაკავშირებელი მაგისტრალის ცეცხლში ამოღებას შეძლებენ.
"ეს არ არის სრული ალყა, მაგრამ ნორმალური მიწოდებები ამ გზით უკვე შეუძლებელია, ეს თავდაცვისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა",- წერს ჟურნალისტი.
უშუალოდ ქალაქის პერიმეტრში ბუტუსოვის თქმით, რუსებმა გარკვეული მიმართულებით წინ წაიწიეს, თუმცა ძალიან მძიმე დანაკარგების ფასად. მისი თქმით ქალაქში ამ დრომდე გრძელდება ბრძოლები თითოეული სახლისთვის.
"რუსეთის მოიერიშე დანაყოფებს ერთი მეორეს მიყოლებით ვანადგურებთ, როგორც კონტაქტურ ბრძოლებში, ასევე დისტანციაზე. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ იერიშებს და ბრძოლაში რეზერვები შემოჰყავთ",- წერს ბუტუსოვი.
კონტექსტი
სოლედართან და ბახმუტთან პოზიციები მოინახულა 8 იანვარს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ. სირკის თქმით, რუსებმა გასულ დღეებში რამდენჯერმე სცადეს სოლედარის შტურმი, თუმცა ყოველ ჯერზე უკან დაიხიეს.
მალევე გავრცელდა უკრაინის გენერალური შტაბისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებები, რომლის მიხედვითაც სოლედარში უმძიმესი ბრძოლები და ოკუპანტების იერიში კვლავ განახლდა.
6 იანვრიდან მოყოლებული რუსულ სამხედრო და ურა-პატრიოტულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ცნობები, რომ ოკუპანტებმა სოლედართა ЗСУ-ს თავდაცვის ხაზის გარღვევა შეძლო. ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ვაგნერის ბოევიკებმა ქალაქის ცენტრისკენ წაიწიეს და ქარხანა Артемсоль-ის დაკავებაც შეძლეს.
უკრაინის გენერალური შტაბი სოლედართან ფრონტის ხაზის გარღვევას ამ დრომდე უარყოფს, თუმცა აღიარებდნენ, რომ ბახმუტთან საომარი მოქმედებების ინტენსივობის საგრძნობი შემცირების შემდეგ, ოკუპანტები ძირითადად სოლედარის მიმართულებაზე გადაერთნენ.
რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal წერდა, რომ სოლედარზე გადართვა ბახმუტთან ЗСУ-ს წარმატებული თავდაცვის შედეგია.
სოლედარში მძიმე ბრძოლების შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანნა მალიარმაც. სხვადასხვა წყაროების ცნობით, სოლედართან რუსული დანაყოფები უმძიმეს დანაკარგებს განიცდიან.