ჩეხეთი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ სამიტს იწვევს
პრაღაში, უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოების ლიდერების დაუანონსებელი სამიტი ჩატარდება.
ამის შესახებ პრაღაში მყოფმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა.
მან თავის ოფიციალურ ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ღონისძიების მონაწილეთა სია. მისი თქმით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას მოწვევით, "უკრაინის საჭიროებებთან დაკავშირებით ფართო სამუშაო შეხვედრა უნდა ჩატარდეს პოლონეთის, ლატვიის, დანიის, ნიდერლანდების ლიდერებთან და შეერთებული შტატების წარმომადგენელთან ერთად."
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მესამე ქვეყნებიდან ჭურვების შესყიდვის სქემის ინიციატორი სწორედ ჩეხეთია.
მრავალმხრივი შეხვედრის დაწყებამდე შმიჰალმა მოლაპარაკება გამართა ჩეხ კოლეგასთან, პეტრ ფიალასთან.
"ჩვენ განვიხილეთ საარტილერიო ინიციატივის განხორციელება, რისთვისაც უკვე შეგროვდა 1.6 მილიარდ ევროზე მეტი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბრძოლო მასალა დროულად და გრაფიკის მიხედვით ჩამოვიდეს ივნისიდან," - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალის თქმით, შეხვედრაზე უნდა განიხილონ "პარტნიორების იარაღის გამოყენების შესაძლებლობა აგრესორის ტერიტორიაზე". უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ საკითხში ფიალას მხარდაჭერა მიიღო.
"საუბრის თემებს შორის (პეტრ ფიალასთან - რედ.) არის ერთობლივი წარმოება თავდაცვის ინდუსტრიაში, სანქციების გაზრდის მცდელობები, რუსული აქტივების კონფისკაცია, მშვიდობის ფორმულა, თანამშრომლობის აქტუალური საკითხები," - აღნიშნა დენის შმიჰალმა.
გარდა ამისა, ევროკავშირი იწყებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების იდეის განხილვას, დასავლელი სამხედრო პერსონალის მონაწილეობით.