დამოუკიდებლობის მომხრე შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვა
დამოუკიდებლობის მომხრე შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ (SNP) შესაძლო 129 მანდატიდან 64 მოიპოვა და მხოლოდ 1 მანდატი აშორებს უმრავლესობის შექმნამდე. გარდა ამისა, 8 მანდატი მოიპოვა დამოუკიდებლობის მომხრე შოტლანდიის მწვანეთა პარტიამ და სავარაუდოდ, ეს ორი პარტია შექმნის სამთავრობო კოალიციას.
შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავეს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე კონსერვატორებმა. მათ 31 მანდატი მოიპოვეს და პარტიამ ხმების რეკორდულად მაღალი რაოდენობა მიიღო.
შოტლანდიელმა ლეიბორისტებმა კი 22 მანდატით მესამე ადგილი დაიკავეს.
ქვეყნის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი კორონავირუსის დამარცხება და ადამიანების უსაფრთხოების შენარჩუნება იქნება. ასევე, მან დასძინა: “და დიახ, როდესაც კრიზისი ჩაივლის, შოტლანდიის მოსახლეობას უნდა მიეცეს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი.”
სტერჯენმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ არ არსებობს “ბორის ჯონსონის მიერ მეორე რეფერენდუმის დაბლოკვის დემოკრატიული გამართლება.”
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტერჯენს და უელსის პირველ მინისტრს, მარკ დრეიფორდს მიულოცა გამარჯვება და შეხვედრაზე მიიწვია, რათა “განვიხილოთ ჩვენი საერთო გამოწვევები, როგორ ვიმუშაოთ ერთად მომდევნო თვეებში და წლებში მათ გადასალახად.”
ბორის ჯონსონი შოტლანდიაში მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოწინააღმდეგეა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან Daily Telegraph-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “უპასუხისმგებლო და უგუნური” იქნება “ქვეყნის გახლეჩვა” ახალი რეფერენდუმით მაშინ, როდესაც მოსახლეობას კორონაკრიზისის დაძლევის გზები აინტერესებს.
შოტლანდიაში საარჩევნო უბნებზე ადამიანებს ორი ბიულეტენი ხვდებათ - ერთი მაჟორიტარული და მეორე რეგიონულ-პროპორციული. ქვეყანაში სულ 73 მაჟორიტარული ოლქია და გამარჯვებული პირველივე ტურში, ხმების მარტივი უმრავლესობით ვლინდება, ხოლო რეგიონულ-პროპორციულ ბიულეტენში ადამიანები ხმას აძლევენ პარტიას.
2021 წელის არჩევნებზე ბრიტანეთის ერთიანობის მომხრე პარტიებმა მაჟორიტარული ხმების 51% მოიპოვეს, ხოლო დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა რეგიონულ-პროპორციული ხმების - 51%.