ევროკავშირი: ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები ისევ ‘დაიძრა’

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეპ ბორელი თეირანში ბრიუსელის წარმომადგენლის ვიზიტს, რომელიც ბირთვული მოლაპარაკებების დაძვრას ისახავდა მიზნად, წარმატებულად აფასებს.

„მოლაპარაკებები ორი თვის განმავლობაში დამუხრუჭებული იყო რევოლუციის გუშაგებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო“, - ამბობს ბორელი.

თეირანი ბირთვული შეთანხმების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად აშშ-ს მიერ ირანის რევოლუციის გუშაგების კორპუსის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას ითხოვს.

„ამგვარი უთანხმოება ერთ ღამეში არ წყდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები გაჩერებული იყო, ახლა კი დაიძრა, რაც ნიშნავს რომ შეთანხმების პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა ევროკავშირის წამყვანმა დიპლომატმა.

ბორელის შეფასების მსგავსად, ევროკავშირის დესპანის ვიზიტს დადებითად მიიჩნევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ აბდოლაჰიანი.


2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ატომურ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს შეთანხმება აშშ-მ ცალმხრივად დატოვა. პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაცია ხელშეკრულების აღდგენას ცდილობს.

მას შემდეგ ირანმა ურანის დაშვებულ ზღვარზე მეტად გამდიდრება განაგრძო.

ხელშეკრულების გასაახლებლად მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ირანს, რუსეთს და ჩინეთს შორის გასული წლის ნოემბერში დაიწყო.

ვენის მოლაპარაკებებს აშშ-ს დელეგაციაც ესწრებოდა.

ირანის ხელშეკრულების დაბრუნება თეირანს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ექსპორტისთვის გაუხსნის გზას, რამაც ენერგომატარებლების რეკორდულად მაღალი ფასები შესაძლოა შეამციროს.

 

მსგავსი სიახლეები