ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესა - ნაწილობრივ
30 მაისს ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
„სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება რუსეთიდან შემოტანილი ნავთობის ორ მესამედს. ეს [რუსეთის] ომის მანქანას სერიოზულ სახსრებს გამოაცლის“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.
წლის ბოლომდე ევროკავშირი რუსეთიდან შემოტანილ ნავთობს 90 პროცენტით შეამცირებს, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სანქციები სრულად ეხება საზღვაო გზით იმპორტირებულ ნავთობს.
პოლონეთი და გერმანია 2023 წლამდე დრუჟბას ნავთობსადენის ჩრდილოეთი ნაწილიდან იმპორტის გაჩერებაზე დათანხმდნენ.
ნაწილობრივი ემბარგო ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის კონსენსუსის შედეგია, რომელთაგან რამდენიმე რუსულ ენერგეტიკულ წიაღისეულზე სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო, ან სანაცვლოდ შეღავათებს ითხოვდა.
სანქციების მეექვსე პაკეტის თანახმად, ჩეხეთი ნავთობის ემბარგოს 18 თვით გადავადებას შეძლებს.
უნგრეთმა პაკეტში საგანგებო მუხლის ჩამატებას მიაღწია, რომლის ძალითაც ნავთობის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში ბუდაპეშტი რუსული ნავთობის შეძენას სხვა გზებით შეძლებს.
ამჟამად ბარელი ნავთობი (Brent) ბაზარზე 120 დოლარად იყიდება, რუსული ურალის ნედლი (Russian Urals crude) კი 93 დოლარად.
სანქციების ახალი პაკეტი სბერბანკის, რუსეთის უმსხვილესი ბანკის, SWIFT-ის გადახდების საერთაშორისო სისტემიდან გათიშვასაც ითვალისწინებს.
ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი.
რუსული ენერგო-ექსპორტის ჩანაცვლებას ევროკავშირის ქვეყნები სრულად 2027 წლამდე გეგმავენ.