გერმანული დაზვერვა უკრაინას რუსული ჯარების შესახებ მონაცემებს აწვდის
გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აწვდის სატელიტურ მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს რუსული არმიის პოზიციებსა და გადაადგიელბას, ასევეა აანალიზებს რუსი ჯარისკაცების საბრძოლო შესაძლებლობებსა და მორალურ მდგომარეობას.
ამის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, 28 სექტემბერს, გაზეთმა Die Zeit-მა გაავრცელა.
მედიის ცნობით, მაისიდან BND-მ უკრაინის დაზვერვას 100-ზე მეტი ტექსტური ანგარიში და სატელიტური ფოტო გადასცა, რომელიც ბუნდესვერის საკუთრებაში არსებული SAR-Lupe სადაზვერვო სისტემის გამოყენებით არის გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ეს სატელიტი გერმანიამ წარსულში რუსეთთან თანამშრომლობით გაუშვა ორბიტაზე.
ეს მონაცემები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა სურათებს, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების საბრძოლო საწყობების ადგილმდებარეობის და "აეროდრომებზე რუსული თვითმფრინავების ზუსტი მდებარეობის" დადგენა.
გარდა ამისა, მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ BND აფიქსირებდა რუსი ჯარისკაცების რადიო შეტყობინებებს და მათ ზარებს მობილურ ტელეფონზე, ასევე აანალიზებდა უკრაინაში გაგზავნილი რუსული ჯარების საბრძოლო ეფექტურობასა და მორალს.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, გერმანული დაზვერვა არ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, რადგან ის მონაცემებს ერთ კვირამდე პერიოდის დაგვიანებით გადასცემს, თანამგზავრული გადაღება კი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ხდება. სადაზვერვო სამსაური ვარაუდობს, რომ რუსულმა მხარემ იცის რა მონაცემები გადაეცემა უკრაინას, მაგრამ რამდენიმე დღის "ფანჯარა", რომელსაც გერმანია იყენებს, მას არ აქცევს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილედ.