იანუკოვიჩის შვილის დაყადაღებული 300 მილიონი გრივნა უკრაინის არმიას ჩაერიცხა

უკრაინის გაქცეული ექს-პრეზიდენტის შვილის, ალექსანდრ იანუკოვიჩის დაყადაღებული თანხებიდან 300 მილიონ გრივნაზე მეტი უკრაინის არმიის საჭიროებებზე დაიხარჯება. ამის შესახებ 25 აგვისტოს უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ საუბარია "სრულიად უკრაინის განვითარების ბანკის" სახსრებზე, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი 2011 წლიდან ექსპრეზიდენტის შვილი იყო.

"ბანკის თანამშრომლები ცდილობდნენ ამ ფინანსური ინსტიტუტის ნაღდი ფულის წარმომავლობის დამალვას, რადგან ფულს წარმოშობის კანონიერი წყარო არ გააჩნია, ამიტომ ბანკის თანამშრომლებმა ფინანსური ტრანზაქციებით მოახდინეს დანაშაულებრივი შემოსავლის ლეგალიზება. თუმცა, წინასწარი გამოძიების დროს გენერალური პროკურატურის პროკურორებმა "სრულიად უკრაინის განვითარების ბანკის" თანამდებობის პირების და უშუალოდ ექს-პრეზიდენტის შვილის სახსრები დააყადაღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

შემდგომში, თანხა გადაეცა კორუფციული და სხვა დანაშაულებებით მოპოვებული აქტივების აღმოჩენის, ძებნისა და მართვის ეროვნულ სააგენტოს.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, გენერალური პროკურატურის პროკურორებმა დაიწყეს ყოფილი პრეზიდენტის შვილზე სისხლის სამართლის საქმის პროცესში დაყადაღებული ქონების იძულებით ჩამორთმევა. სასამართლომ გადაწყვიტა ამ თანხების გაგზავნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის. ამჟამად უკრაინის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად სპეციალურ ანგარიშზე 304 მილიონი გრივნა ჩაირიცხა", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები