კადიროვის დედამ რუსი მუსლიმების უმაღლესი ჯილდო მიიღო
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დედამ რუსეთში მუსლიმთა უმაღლესი ჯილდო, ალ-ფახრის (ღირსების - რედ.) მეორე ხარისხის ორდენი მიიღო.
ამ ინფორმაციას Эхо Кавказа ავრცელებს.
დაჯილდოების ცერემონია ოკუპირებულ მარიუპოლში, სულთან სულეიმანისა და როქსოლანას მეჩეთში შედგა, რომელიც უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის დროს განადგურდა. ესწრებოდა თუ არა ცერემონიას პირადად აიმან კადიროვა, უცნობია.
რამზან კადიროვის დედა მეორე ხარისხის ღირსების ორდენის მე-11 მფლობელი გახდა. ის "მრავალწლიანი ქველმოქმედებისთვის" და "საზოგადოებაში დედობის იდეალებისა და ტრადიციული ძლიერი ოჯახის დამკვიდრებისთვის" დაჯილდოვდა.
ჯილდოს გადაცემის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ჩეჩნეთის სამთავრობო მედიასა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის ტელეგრამში. მან გამოაქვეყნა განკარგულების კადრები, რომელსაც ხელს აწერს მუსლიმთა სულიერი საბჭოს თავმჯდომარე რავილ გეინუტდინმა.
მარიუპოლში სულთან სულეიმანისა და როქსოლანას მეჩეთი 2007 წელს აშენდა, მის გახსნას თურქეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 2022 წლის 12 მარტს რუსეთის ჯარებმა მეჩეთი დაბომბეს, რომელშიც 90-მდე ადამიანი, მათ შორის თურქეთის მოქალაქეები იმალებოდნენ.