მოლდოვა დსთ-ს ათობით შეთანხმებიდან გამოდის
მოლდოვის ხელისუფლებამ დსთ-ს ფარგლებში ხელმოწერილი რამდენიმე ათეული შეთანხმების დენონსაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ქვეყანა დსთ-ს 330-მდე შეთანხმების მონაწილეა და ბევრი მათგანი გადახედვას საჭიროებს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ 23 თებერვალს განაცხადა.
"არსებობს შეთანხმებები, რომლებიც ან არ გვაწყობს, ან აღარ მუშაობს, ან არ გამოიყენება, ან არ არის მოლდოვისთვის სასიკეთო", - თქვა მან.
პოპესკუმ აღნიშნა, რომ კიშინიოვის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება და "ყველა საგარეო პოლიტიკური მიზანი და მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროინტეგრაციას დაექვემდებარება."
"აქედან გამომდინარე, გაგრძელდება ჩვენს მიზნებთან შეუთავსებელი დსთ-ს ხელშეკრულებებიდან გამოსვლა. კეთდება დსთ-ში რესპუბლიკის ყოფნის დროს გაფორმებული მრავალი შეთანხმების აუცილებლობის ანალიზი. ეს სია გამოქვეყნდება", - განაცხადა მან.
პოპესკუს თქმით, მოლდოვა 20-მდე შეთანხმებიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიშინიოვი უკვე ძალიან აქტიურა მოქმედებს, რათა რუსეთის მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობები შეზღუდოს.
მანამდე მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, კიშინიოვი გადაწყვეტს დსთ-ს წევრობის მიზანშეწონილობას. მისი თქმით, "რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დსთ-ს აქტივობებში მონაწილეობა შეუძლებელია."