ოკუპირებულ მარიუპოლში კრემლის მაღალჩინოსნები ჩავიდნენ

4 მაისს რუსულმა სამთავრობო მედია რია ნოვოსტიმ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.

კირიენკოსთან ერთად, რომელიც ცოტა ხნის წინ კრემლში დონბასის „კურატორად“ დაინიშნა, უკრაინულ საპორტო ქალაქში რუსეთის მმართველი პარტია ედინაია როსიას მდივანი ანდრეი ტურჩაკიც იმყოფებოდა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კირიენკო მარიუპოლში 9 მაისს „გამარჯვების აღლუმის“ ორგანიზებისთვის ჩავიდა.

კრემლის მაღალჩინოსნები სკულპტურის გახსნასაც დაესწრნენ - ბებია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროშა უჭირავს.

გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მარიუპოლი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ქალაქში უკრაინული წინააღმდეგობის ბოლო კერად „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია რჩება, სადაც უკრაინელები მიწისქვეშა გვირაბების ქსელში არიან გამაგრებული.

უკრაინული მხარის მონაცემებით, მარიუპოლის ალყისას ოკუპანტებმა ათი ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირეს.

4 მაისს სააგენტო AP News-მა გაავრცელა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც მარტში ოკუპანტების მიერ მარიუპოლის თეატრის საჰაერო დაბომბვას 600 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

  

 

 

მსგავსი სიახლეები