პოდოლიაკი: რუსეთთან ომში 10-დან 13 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეფასებით, 10-დან 13 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 1 დეკემბერს, "24 канал"-ის ეთერში განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მიმართვის ტექსტი და ვიდეო ევროკომისიის ვებსაიტზე და ფონ დერ ლაიენის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით წაიშალა. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ამოჭრილია ფრაგმენტი დანაკარგების შესახებ. ევროკომისიის პოლიტიკური კომუნიკაციების დირექტორმა დანა სპინატმა განმარტა, რომ ფონ დერ ლაიენის ნათქვამ რიცხვში შედის როგორც დაჭრილები, ასევე დაღუპულები.
პოდოლიაკმა თქვა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი, უკრაინის დანაკარგებზე საუბრისას, შეცდა.
"უდავოდ შეცდა ქალბატონი ურსულა - ეს აშკარაა. ამიტომ წაშალეს ეს ვიდეო, წაშალეს ეს ციფრები, რადგან გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, რომელსაც უკრაინის უმაღლესი მთავარსარდალი ახმოვანებს. 10-დან 12.5-13 ათას დაღუპულამდე აღწევს დანაკარგი. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ დაღუპულთა რაოდენობაზე", - თქვა მან. "დიახ, უფრო მეტი დანაკარგი გვაქვს დაზიანებების გამო. ეს ყოველთვის მეტია".
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ უკრაინამ ზუსტად იცის რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენი დაშავდა.
"და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ სოციალური რეაბილიტაციის კუთხით: ოჯახები და ასე შემდეგ", - აღნიშნა მან.
24 თებერვლის შემდეგ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობაზე საუბრისას პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ეს ნამდვილად არ არის 20 000".