პუტინმა რუსეთის ცენტრალური ბანკის მოქმედი თავმჯდომარე მესამე ვადით წარადგინა
ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ცენტრალური ბანკის მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურა მესამე, ხუთწლიანი ვადით წარადგინა.
ელვირა ნაბიულინას, რომელიც ბანკ როსიის ხელმძღვანელის პოსტს 2013 წლიდან იკავებს, უფლებამოსილება 2022 წლის ივნისში ეწურებოდა.
რუსეთის მმართველი ელიტის ტექნოკრატიული ფრთის წარმომადგენლად მიჩნეული ნაბიულინა რუსეთის მთავარ საბანკო ორგანოს 2013 წლიდან მართავს.
მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო მასშტაბური საერთაშორისო სანქციები დაუწესეს, ვრცელდებოდა ხმები, რომ ნაბიულინა თანამდებობის დატოვებას აპირებდა.
2 მარტს გავრცელებულ მიმართვაში ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ექსტრემალურ და „სავსებით არასტანდარტულ“ ფაზაში შევიდა.
ანალიტიკოსების აზრით, ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობის ნახევრის - 300 მილიარდ დოლარამდე ღირებულების აქტივების - გაყინვის შემდეგ, რუსეთმა ფინანსური მდგრადობის მთავარი ინსტრუმენტი დაკარგა.
ნაბიულინა ინფლაციის მკაცრი კონტროლის მომხრედაა მიჩნეული.
2014-2016 წლებში, ყირიმის გამო დაწესებული სანქციების და ნავთობზე დაბალი ფასების ფონზე, მის სახელს რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად მიღებული ზომები უკავშირდება.