რეგიონალური არჩევნების შედეგებმა მერკელის პარტიის პოზიციები დაასუსტა

ანგელა მერკელის “ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა” ორ რეგიონალურ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ნაკლები ხმა მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. არჩევნები დაემთხვა პარტიაში კორუფციის სკანდალისა და ვაქცინაციის ნელ ტემპს გერმანიაში. მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას ჰელმუტ კოლის მშობლიურ რაინლანდ-პფალცშიც და გერმანული ავტოინდუსტრიის სამშობლო ბადენ-ვიურტემბერგშიც ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა.

რას აჩვენებს გუშინდელი შედეგები?

ბადენ-ვიუტემბერგში მწვანეთა პარტია ხმების 32%-ით პირველ ადგილზე გავიდა, რითიც ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა 24%-ით მეორე ადგილი დაიკავეს. აღნიშნული მიწის მთავრობაში სწორედ ამ ორი პარტიის კოალიცია იყო. ქრისტიან-დემოკრატები ბადენ-ვიუტემბერგს 1953 წლიდან 58 წლის განმავლობაში მართავდნენ.  მეზობელ რაინლანდ-პფალცში, სავარაუდოდ სოციალ-დემოკრატები შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. მათ ხმების 35% მიიღეს, ქრისტიან-დემოკრატებმა კი მხოლოდ 27%.

 

ორივე რეგიონალური არჩევნების შედეგები საშუალებას იძლევა, რომ სამთავრობო კოალიციები მწვანეების, თავისუფალი დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების მიერ დაკომპლექტდეს, ქრისტიან-დემოკრატების ჩართულობის გარეშე.

 

გუშინდელი ღამის ყველაზე დიდი გამარჯვებული გერმანიის მწვანეთა პარტია გამოდგა. მწვანეები ბადენ-ვიურტემბერგში პირველ ადგილზე გავიდნენ და ხმების 32.6% მიიღეს, ხოლო რაინლანდ-პფალცში მესამე ადგილი დაიკავეს და ხმების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაზარდეს (2016 წელს მიღებული 5.3%-დან 9.3.%-მდე). მწვანეთა პარტიის ლიდერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ამ წარმატებას, “როგორც ზურგის ქარს გამოიყენებენ ბუნდესტაგის ფედერალური არჩევნებისთვის.”

 

რამ გამოიწვია მმართველი პარტიის შედეგის გაუარესება?

 

ქრისტიან-დემოკრატების მიერ გაუარესებულმა შედეგბმა შესაძლოა პარტიის სამომავლო გეგმებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, რაც პირველ რიგში კანცლერობის კანდიდატის შეცვლა იქნება. არსებობს რისკი, რომ პარტიის ახლადარჩეულმა ლიდერმა არმინ ლაშეტმა მომდევნო არჩევნებამდე ლიდერის სტატუსით ვეღარ მიაღწიოს. ამავდროულად, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატების ტრადიციული პარტნიორის, ქრისტიან-სოციალური პარტიის ლიდერი, ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზოდერი ლაშეტზე ბევრად დიდი პერსონალური პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ბევრი ანალიტიკოსი ამ ორ არჩევნებს ლაშეტისთვის ლიდერული თვისებების დამტკიცების შესაძლებლობად მოიაზრებდა, თუმცა შედეგებმა ამაში საზოგადოება ვერ დაარწმუნა.

 

კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი ბოლო თვეებში მაქსიმალურ 40%-მდე იყო გაზრდილი. თუმცა, შეზღუდვების დიდხანს გაგრძელების და ვაქცინაციის ნელმა ტემპმა პარტიის რეიტინგი 32%-მდე დააკლო.

 

მერკელის პარტიისთვის ყველაზე დიდი დარტყმა კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები იყო. ბოლო კვირაში ბუნდესტაგის სამი წევრი საპარლამენტო თანამდებობებიდან გადადგა, ხოლო მეოთხეს, აქსელ ფიშერს იმუნიტეტი შეუწყდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, აზერბაიჯანის მთავრობისგან ქრთამის აღების ბრალდებით. ბუნდესტაგის ორი დეპუტატი ნიღბების წარმოების სახელმწიფო შესყიდვის მოგებაში დახმარების სანაცვლოდ, მწარმოებლებისგან ასიათასობით ევროს მიღებაშია ბრალდებული. ერთ-ერთი მათგანი, ქრისტიან-სოციალური პარტიის დეპუტატი გეორგ ნუსლაინი კი გადასახადებისთვის თავის არიდებაშია ბრალდებული. მიუხედავად იმისა, რომ ნუსლაინი ყველა ბრალდებას უარყოფს, მან საკმაოდ მაღალი თანამდებობა, პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია უკვე დატოვა.

 

გერმანიაში ფედერალური არჩევნები 2021 წლის 26 სექტემბერს ჩატარდება.



წყარო:

www.politico.eu

www.bbc.com

 

მსგავსი სიახლეები