საფრანგეთის პარლამენტში მთავრობის გადაყენების 2 მცდელობა ჩავარდა

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესაღება ინიცირებული 2 რეზოლუცია ჩავარდა. 

უნდობლობის გამოცხადების პროცესის ინიცირება მას შემდეგ მოხდა, რაც ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით, კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენებით გაიტანა. 

პირველი რეზოლუცია 17 მარტს დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფმა შეიტანა, რომელსაც მოგვიანებით რამდენიმე ოპოზიციური ფრაქცია შეუერთდა. ცალკე თავისი რეზულიცია დააინიცირა ეროვნული გაერთიანების ლიდერმა, მარინ ლე-პენმა. 

მთავრობის გადაყენებისთვის აუცილებელი იყო 287 დეპუტატის მხარდაჭერა - პარლამენტში ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, გადამწყვეტი რესპუბლიკელების ფრაქციის პოზიცია აღმოჩნდა. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლეს 10 რესპუბლიკელის მიმხრობა, თუმცა დღეს ფრაქციის ლიდერმა, ერიკ სიუტიმ განაცხადა, რომ მათი უმრავლესობა მთავრობის გადადგომას მხარს არ დაუჭერს. 

ჯამში პირველ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 278 დეპუტატმა, ამგვარად ოპოზიციონერებს მთავრობის გადასაყენებლად 9 დეპუტატის მხარდაჭერა დააკლდათ. 

მარინ ლე-პენის რეზულიციამ ჯამურად 92 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. 

კონტექსტი 

საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება სამოქალაქო არეულობები - მიზეზი პრეზიდენტ მაკრონის საპენსიო რეფორმაა, რომელიც 2030 წლამდე პენსიაზე გასვლის ასაკის 64 წლამდე ზრდას ითვალისწინებს. 

პარლამენტში უმრავლესობის არქონის გამო, საფრანგეთის მთავრობა იძულებული გახდა რეფორმა 49.3 მუხლის მეშვეობით მიეღო. აღნიშნულ მუხლს საფრანგეთის მთავრობა პერიოდულად იყენებს, მათ შორის სწორედ ამ მექანიზმით დამტკიცდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მთავრობის გადაყენების უკვე მეოთხე მცდელობა იყო, თუმცა კვლავ წარუმატებელი. 

მსგავსი სიახლეები