შარლ მიშელი: აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან

 

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები დეკემბერში ერთმანეთს ბრიუსელში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეხვდებიან. ამის შესახებ პარასკევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მიშელის განცხადება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაციას და ორმხრივ ცეცხლს მოჰყვა. სომხეთის მთავრობის განცხადებით, შეტაკებაში მათი არმიის 15 ჯარისკაცი დაიღუპა. სამშაბათს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული 30 წლიანი კონფლიქტი შარშან განახლდა და აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. სომხეთმა ოკუპირებული არცახის (მთიანი ყარაბაღის) ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა.

შარლ მიშელის თქმით, მან ბაქოსა და ერევანს შორის პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზი შექმნა, რათა ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ინციდენტების პრევენცია შეძლონ.  

აღსანიშნავია, რომ რუსეთი რამდენიმე კვირაა ცდილობს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები შეახვედროს, თუმცა ამ შემთხვევაში შუამავლის როლი ევროკავშირმა შეასრულა.

შარლ მიშელი წარსულშიც ცდილობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვას. შარშან გაზაფხულზე ის შუამავლის ფუნქციას ასრულდებდა ორი ქვეყნის შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა ტყვეები გაცვალეს და ერთმანეთს ომის პერიოდში დაკავებულ ტერიტორიებზე დანაღმული ველების რუკები გადასცეს.

 

 

მსგავსი სიახლეები