"შობამდე პრაქტიკულად შეუძლებელია" - მაკკონელი უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე

სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერის თქმით, მაღალი ალბათობით კონგრესი ვერ დაამტკიცებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მომდევნო დღეებში პარტიები შესაბამის შეთანხმებას მიაღწევენ.

"ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ამ ვადებში შეუძლებელია პაკეტის შემუშავება, სენატში გატარება და კონგრესში გადაგზავნა შობამდე",- განაცხადა მიტჩ მაკკონელმა. 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მსგავსი პაკეტის მიღება პრინციპულად შეუძლებელი იქნება თუ კი ბაიდენის ადმინისტრაცია საემიგრაციო პოლიტიკას არ გაამკაცრებს. 

"შეთანხმება არ იქნება სანამ რესპუბლიკელები და ბაიდენი არ მოილაპარაკებენ, ამის გარეშე შეთანხმება არ იქნება",- თქვა მაკკონელმა. 

14 დეკემბერს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა საშობაო შვებულებაში გადის რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო 2024 წლის იანვრის მეორე კვირაში შეიკრიბება. 

კონტექსტი 

ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის ფონზე, 12 დეკემბერს თეთრმა სახლმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

კონგრესი ამ დრომდე უარს ამბობს ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი 111 მილიარდიანი პაკეტის დამტკიცებაზე, რომელშიც უკრაინის გარდა ისრაელისა და ტაივანის დახმარების ნაწილიც შედის. ახალი პაკეტის დამტკიცების სანაცვლოდ რესპუბლიკელები ადმინისტრაციისგან საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვენ. 

6 დეკემბერს უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტმა სენატში ვერ გაიარა პროცედურული კენჭისყრა, პრაქტიკულად ჩაიშალა დახურული ბრიფინგი, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვა უნდა გაევრცელებინა. 

ჯო ბაიდენის თქმით, ადმინისტრაცია მზად არის გარკვეული დათმობებისთვის, მათ შორის გაამკაცროს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა და გაამარტივოს არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესი. 

4 დეკემბერს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს კონგრესის ლიდერები, რომ უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხები მიმდინარე წლის ბოლომდე ამოიწურება. 

 

 

მსგავსი სიახლეები