თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწოდებს, ევროკავშირი მას სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი მზად არის ჩინეთს სანქციები დაუწესოს, თუ ის რუსეთს იარაღს მიაწოდებს. ამის შესახებ 3 მარტს Reuters-მა ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით დაწერა.

წყაროს თქმით, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღით დაეხმარება, ეს იქნება აბსოლუტური "წითელი ხაზი". სხვა დეტალებზე Reuters-ის თანამოსაუბრე არ საუბრობს.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ეხმიანება გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას, რომელმაც ბუნდესტაგში გამოსვლისას, 2 მარტს, პეკინი გააფრთხილა მოსკოვის ასეთი დახმარება არ გაუწიოს.

კონტექსტი

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან ჩინეთი ცდილობს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, მაგრამ პირდაპირ არ გმობს მოსკოვის ქმედებებს.

2022 წლის 30 დეკემბერს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან ვიდეოკონფერენციის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი განავითარებენ "სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას." 

24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, გამოქვეყნდა დოკუმენტი "ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების შესახებ", რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.

ჩინეთი დაჟინებით მოითხოვს უარი ითქვას "ცივი ომის მენტალიტეტზე", შეწყდეს საომარი მოქმედებები და განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებები. დოკუმენტი არ შეიცავს თეზისებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის ზოგიერთი პუნქტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და ზოგიერთს კიევი არ ეთანხმება.

24 თებერვალს ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მას "ნამდვილად სურს დაიჯეროს, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწოდებს".

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას მსგავსი ფაქტები ჯერ არ უნახავს.  

მსგავსი სიახლეები