უკრაინა: 18 წუთში ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოვაგდეთ
უკრაინელმა სამხედროებმა 18 წუთში რუსი დამპყრობლების სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს. ამის შესახებ 12 ოქტომბერს Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა.
"12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 8:58 საათამდე, სამხრეთ უკრაინაში, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც სამხრეთის მიმართულებით სახმელეთო საოკუპაციო ძალებს საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენები - ფრონტის ხაზზე.
"საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა კიდევ ორ შვეულმფრენზე, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ დადასტურებული ჩამოგდებული შვეულმფრენების რაოდენობა გაიზარდოს!" - ვკითხულობთ განცხადებაში.