უკრაინა რუსეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

 

კიევმა რუსეთი სამთავრობო ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა. უკრაინული მხარის განცხადებით, მოსკოვი მიზნად უკრაინის "დესტაბილიზაციას" ისახავს.

პარასკევს, უცნობმა ჰაკერებმა რამდენიმე უკრაინული სამინისტროს ვებ-გვერდი გათიშეს. Microsoft-ის განცხადებით, მათ "დესტრუქციული ვირუსი" აღმოაჩინეს, რომელიც "სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და ინფორმაციული ტექნოლოგიების" ორგანიზაციის ქსელში შეიჭრა.

უკრაინის ინფორმაციული განვითარების სამინისტრომ თავდასხმაში მოსკოვი დაადანაშაულა:

"ყველა მტკიცებულება ადასტურებს ფაქტს, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას. მოსკოვი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს და აქტიურად იყენებს მის ძალებს საინფორმაციო და კიბერსივრცეში."

სამინისტრომ უკრაინის მოქალაქეები დაამშვიდა, რომ მათი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოდაა დაცული.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კიბერშეტევასთან რუსეთს არაფერი აკავშირებს.

რუსეთის კიბერთავდასხმა უკრაინის საზღვართან პროვოკაციულ ქმედებებს და 100 000 რუსი სამხედროს მობილიზებას დაემთხვა.

 

მსგავსი სიახლეები